ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, უახლოეს პერიოდში ამოქმედდეს სისტემა, რომელიც პაციენტისთვის მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერას ეხება, განმარტებებს აკეთებენ სპეციალისტები.
შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ ახალი წესის ძალაში შესვლის ვადად აპრილი დაასახელა,თუმცა დღეს ჯანდაცვის უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, როდიდან ამოქმედდება ეს ცვლილება.
ცვლილების თანახმად, რეცეპტში კონკრეტული ბრენდი მითითებული არ იქნება და პაციენტმა სურვილის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს, რომელ და ვის წარმოებულ ბრენდული დასახელების მედიკამენტს შეიძენს.
ფარმაცევტული ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი რეცეპტში მხოლოდ აქტიური ნივთიერების მითითების პრაქტიკას არ ემხრობა თუ ქვეყანას სპეციალური ნუსხა არ ექნება შემუშავებული, სადაც გაწერილი იქნება, რომელი „ჩამნაცვლებელი მედიკამენტები“ შეიძლება შესთავაზოს ფარმაცევტმა პაციენტს. ამის შესახებ მან გამოცემა BM.ge-ს განუცხადა.
“ექიმს რომ მოვთხოვოთ წამლის მხოლოდ აქტიური ნივთიერება ჩაწეროს რეცეპტში და არა სავაჭრო დასახელებით, სწორი არ იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენს სააფთიაქო ქსელში ამ აქტიური ნივთიერებით არსებული ყველა მედიკამენტი არის ურთიერთჩანაცვლებადი. ამის გარანტია დღეს ჩვენ არ გვაქვს.
ურთიერთჩანაცვლებას თავისი კრიტერიუმი აქვს. იმ ქვეყნებში, მაგალითად აშშ, დიდი ბრიტანეთი, სადაც ყველაზე მკაცრი რეგულატორი ჰყავთ, იმის გარდა, რომ მედიკამენტი რეგისტრირებულია, შექმნილია სპეციალური ფორმულარები, (ზოგან ამას ქვია პოზიტიური ლისტი), სადაც წერია, რომელი წამლის რითი ჩანაცვლება შეიძლება.
სანამ ასეთი მსგავსი სია საქართველოში არ იქნება, იქამდე ექიმს ვთხოვოთ მხოლოდ დაწეროს აქტიური ნივთიერება რეცეპტში, სწორი არ იქნება. ეს სია უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც წამალი მიდის ფარმაცევტთან, მან შესაძლებელია მხოლოდ ამ სიიდან შესთავაზოს გარკვეული ჩანაცვლება წამლის, თუნდაც ფასიდან ან მწარმოებელი ქვეყნიდან გამომდინარე“, – აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, რომელი მედიკამენტების ჯგუფზე შეიძლება გავრცელდეს გენერიკული – ელექტრონული რეცეპტების სისტემა, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ის პირველ ეტაპზე იმ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შეეხოს, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს.
“რატომ ეს მედიკამენტები? იმიტომ, რომ ამ მედიკამენტებს დამატებით ხარისხობრივი ფილტრები აქვთ გავლილი“, – ამბობს მარგველაშვილი.
გენერიკულ სისტემაზე გადასვლით სახელწიფო იმ არაეთიკური მარეკეტინგის პრაქტიკის აღმოფხვრას ცდილობს, როცა ექიმი პირადი დაინტერესების სანაცვლოდ პაციენტს კონკრეტული ბრენდის მედიკამენტს უწერდა.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლავ არსებობს რისკი, ამ პროცესმა ექიმიდან ფარმაცევტზე გადაინაცვლოს, თუმცა ეს ნაბიჯი პრევენციიის ერთ-ერთი მექანიზმია.
„ურთიერთჩამნაცვლებელი მედიკამენტების ნუსხის არსებობა არ გამორიცხავს რისკს, რომ ფარმაცევტმა პირადი დაინტერესების მიხედვით ურჩიოს პაციენტს ბრენდული დასახელების წამალი, თუმცა მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მანკიერ პრაქტიკას. მოკლე და საშუალო პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ტრანსფორმაცია შეუძლებელია, რომ ეს რისკები გამოირიცხოს, მაგრამ ხომ უნდა დავიწყოთ?! ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ მოხდეს წამლების არასწორად გამოყენება და ზედმეტი ხარჯი არ გასწიოს ადამიანმა“, – აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.