მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სოსო ცისკარიშვილი ფარმაცევტული კომპანიების რეკლამის შეზღუდვას ითხოვს
სოსო ცისკარიშვილი ფარმაცევტული კომპანიების რეკლამის შეზღუდვას ითხოვს. მადლობლები ვართ,რაც სამინისტრომ, მაგრამ ერთ ადგილზე მიწის ტკეპვნა შედეგს არ მოგვცემს.

სოსო ცისკარიშვილი ფარმაცევტული კომპანიების რეკლამის შეზღუდვას ითხოვს

 სოსო ცისკარიშვილი ფარმაცევტული კომპანიების რეკლამის შეზღუდვას ითხოვს. ოქტომბრის ბოლოდან ჯანდაცვის სამინისტრო ,,გლობალური ალიანსის“ კონსულტაციით ჯანდაცვის პირველი რგოლის რეფორმას იწყებს. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება, დაავადებების ნაადრევი გამოვლენისა და პრევენციისთვის საჭირო რესურსების მობილიზაცია.

ამ თემაზე მუშაობისას სფეროს სპეციალისტების კომენტარებიდან გამომდინარე გამოიკვეთა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემები, ასევე რესპონდენტები ექიმების არასათანადო პირობებში მუშაობის პრობლემაზეც ხაზგასმით მიანიშნებენ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე commersant–ი ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

– ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმებიდან რომელს გამოყოფდით. რა ხარვეზები შეინიშნება და რის გამოსწორებას ისურვებდით?

– რასაკვირველია დღევანდელი სადაზღვევო სისტემა გახლავთ უკეთესი, ვიდრე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში არსებობდა რაიმე ამდაგვარი. გადის უკვე სამი წელი ამ სიკეთის მომგვრელი სისტემისთვის და მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლისთვის იგეგმებოდა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება, აღმოვჩნდით ისევ იმ რეალობაში, როდესაც სრულიად თვალსაჩინოა ექიმისა და პაციენტის ერთმანეთისადმი ჩამოყალიბებული ანტაგონიზმი.

ექიმი, ისევე როგორც პაციენტი რატომღაც ჯანდაცვის სისტემის მიერ არ აღიქმება როგორც ძირითადი სამიზნე წარმატების მისაღწევად.

– რა შეიძლება იყოს არსებული რეალობის გამომწვევი მიზეზი/მიზეზები?

– არის უამრავი მაგალითი, რომ ძალიან დაბალი ხელფასის პირობებში გაავებული ექიმები პაციენტებს უყურებენ, როგორც მათი გაღატაკების მიზეზს. პაციენტების მხრიდან საწინააღმდეგო მიდგომაა – ისინი არიან კლინიკებისთვის შემოსავლის წყარო. თავად მიზერულ თანხას იხდიან და ასეთ ვითარებაში ექიმი თუ საავადმყოფო ვალდებულები არიან აკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე დაშვებულია არსებული კრიტერიუმებით.

სახეზეა დაკნინება მთლიანად ქართული მედიცინის. როდესაც გვყავს ერთ დროს წარმატებული ექიმები, რომლებსაც საშუალება არ აქვთ რაიმე გზით აიმაღლონ კვალიფიკაცია ან გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, რასაკვირველია ხარისხზე საუბარი ძალიან რთული იქნება.

არსებობს არაკეთილსინდისიერი მაგალითები დაწესებულებისა თუ ექიმების მხრიდან, როდესაც მიცვალებულს ტოვებდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში, ვიდრე არ ამოიწურებოდა ის 15 ათასიანი შემოსავალი, რომელიც გათვლილია რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტისთვის. ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა.

ექიმი რომ იქამდე მივა, რომ ასეთი უკანონო შემოსავლისთვის დამალოს ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, ამას მედიცინა აღარ ჰქვია. ეს ექიმების წრეში დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს. საინტერესოა რატომ არის მაგალითად გამოყოფილი თანხა სენაკის რეანიმაციის სამსახურში ბევრად მეტი, ვიდრე თბილისის ზოგ წარმატებულ საავადმყოფოში. მომსახურების ხარისხი ქვეყანაში კვლავ ასამაღლებელია. ეს ბრძანების სახით ვერ მოხდება. ამას უნდა კვლავ დაბრუნება განათლებისკენ. 

– ხელისუფლება მედიკამენტებზე გარკვეული შეღავათების დაწესებას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში უნდა გაიაფდეს პირველადი მოხმარების მედიკამენტები და ჯენერიკები.  ექნება თუ არა ამ წამოწყებაში სამინისტროს საზოგადოების მხარდაჭერა?

– საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული რეალობა, უპირველეს ყოვლისა, არის შედეგი მრავალწლიანი უდარდელობისა ჩვენი ხელისუფლებების მიერ. პრაქტიკულად ყველა თავმოყვარე ქვეყანას აქვს დანერგილი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც აუცილებელი მედიკამენტების გარკვეული ჩამონათვალი სწორედ სახელმწიფოს მიერ შეისყიდება დაბალ ფასებში გასავრცელებლად, როგორც გადაუდებელი აუცილებლობა.

ჩვენს ქვეყანაში ამ თემაზე საუბარიც კი არავის სურს. არის სრულიად მკაფიო ჩამონათვალი ასეთი პრეპარატების. მოწმენი ვართ როგორ გვაყვედრიან თავს ფარმაცევტული ორგანიზაციები, როგორ გვაწონებენ თავს თავისი ქმედებებით. ყოველივე ამის ხარჯი არის ისევ პაციენტის ჯიბე.

– თქვენი დაკვირვებით, არსებობს თუ არა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია/ოლიგოპოლია და უნდა დაიწყოს თუ არა მათ გამოვლენაზე მუშაობა?

– ამას სერიოზული შესწავლა და გამოვლენა სჭირდება. პირადად მე აუცილებლად მიმაჩნია ფარმაცევტული წარმოებების საკანონმდებლო შეზღუდვა მათ მიერ რაიმე სარეკლამო კამპანიების ჩატარებისა, ისევე როგორც მათი რაიმე საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა.

დაუშვებლად მიმაჩნია ლატარიების გათამაშება, რაც, რატომღაც ყველას მოსწონს. ეს ყველაფერი ხდება ჩენი ავადმყოფი თანამემამულეების ხარჯზე.  ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები მადლობლები ვართ იმისა, რაც გააკეთა ბოლო წლებში სამინისტრომ, მაგრამ ერთ ადგილზე მიწის ტკეპვნა კარგ შედეგს არ მოგვცემს. საჭიროა სერიოზული მუშაობა წინსვლისთვის.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …