მთავარი » სოციალური » სოციალური შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის
სოციალური შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი.

სოციალური შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის

“1-ლი სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ და 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ”.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ხვალიდან ამოქმედდება. სოციალური შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი. მათ შორის არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები.

მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, 20 %-ით გაიზრდება სხვა სოციალური პაკეტების დანამატიც და მნიშვნელოვნად გამოხატული პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდება.

მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ამ დანამატებისათვის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან მომდევნო თვეს 1 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

ყოველთვიური დანამატი მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც მიეცემა. მათ შორის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 500-მდე ექიმი და ექთანი, რომლებიც მაღალმთიან რაიონებს ემსახურებიან, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ. ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის – 180 ლარით განისაზღვრება.

დანამატი გაიცემა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკების მედპერსონალისთვის – ჯამში 350 ადამიანისთვის. ლენტეხში, ყაზბეგში, გუდაურში, წალკაში, თიანეთში, თეთრიწყაროში, ბაკურიანში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში, ასევე, შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოში, მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკასა და აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში.

დანამატს ასევე მიიღებენ მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი, რომელიც სახელმწიფო ჩართულია პროგრამაში – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“.

ექიმის დანამატი პენსიის ორმაგი ოდენობით – 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი – 180 ლარით განისაზღვრება. ამჟამად სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება 650 ლარს, ხოლო ექთნის – 455 ლარს შეადგენს.

ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელ პროცედურაზეც გაამახვილა.

„მათ, ვისაც ჯერ არ აქვს დადგენილი მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, უნდა მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ავტომატურად, განცხადებით მიმართვის გარეშე, დაენიშნებათ დანამატი,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

jandacvis saministro

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …