მთავარი » სოციალური » სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. სერგეენკომ პრეზენტაციის ფარგლებში სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები შეაჯამა და ჯანდაცვის უწყების მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებაა. სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული მეთოდიკა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს და მასში რიგი ხარვეზები არსებობს, რომელთა გამოსწორებაზეც ჯანდაცვის უწყება მუშაობას განაგრძობს.

„თითოეული ადამიანი, რომელსაც სჭირდება დახმარება და ან უგვიანდება ან არ აქვს, გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ღირსების საკითხია, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. არსებული მეთოდოლოგია ვერ აკმაყოფილებს რეალურ საჭიროებებს. თუმცა, ჩვენ მრავალი ქვეყნის მეთოდოლოგია გვაქვს შესწავლილი და დედამიწაზე არ არსებობს სოციალური დახმარების მეთოდოლოგია, რომელიც 100 %-ით დააკმაყოფილებს საჭიროებებს. რა თქმა უნდა, თითოეული ოჯახის უკმაყოფილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათი კეთილდღეობა ჩვენი ღირსების საკითხია” – აღნიშნა სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სერგეენკოს თქმით, უწყებისთვის უმთავრეს გამოწვევად ამბულატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის სრულფასოვანი წვდომის უზრუნველყოფა რჩება.

„ამ მიმართულებით წელს დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს მოიცავს. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა რა თქმა უნდა, საკმარისი არაა და როგორც მედიკამენტების ჩამონათვალის, ისე მოსარგებლეთა რიცხვის გაზრდა უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”.

დავით სერგეენკოს განცხადებით, 2018 წლიდან ელექტრონული ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. ელექტრონულ სისტემაზე გადავა:

  1. ჯანდაცვის ფინანსური ანგარიშგების მოდული;
  2. რეცეპტების სისტემა;
  3. პაციენტების ჩანაწერები რომელზეც წვდომა ექნებათ პაციენტს, ექიმსა და სამინისტროს.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, აღნიშნული სისტემა დაავადებათა ადრეულ აღმოჩენისა და აღმოფხვრაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

პირველადი ჯანდაცვა და დაავადებების ადრეული დეტექცია. იმისათვის, რომ ეს სისტემა ეფექტურად იყოს მართული, აუცილებელია, მართვის სისტემა იყოს თანამედროვე და გამჭვირვალე. ამ მხრივ აღსანიშნავია ცვლილებები, რომლებიც შარშანწინ დაიწყო და ჰქვია ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. გამოვყოფ სამ მიმართულებას:

ჯანდაცვის უწყების მიღწევებიდან სერგეენკომ განსაკუთრებული ყურადღება C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრის პროგრამის , საყოველთაო ჯანდაცვის სერვისის ამოქმედებასა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა გასულ წლებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისში აღნიშნა, სადაც ინვენტარი სრულად განახლდა.

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. შესაბამისი უწყებების მინისტრობის კანდიდატები კომიტეტების წევრებს პრეზენტაციებს წარუდგენენ, რომლებიც მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშსა და სამომავლო ხედვებზე საუბრობენ.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ოჯახი, რომელსაც თქვენი დახმარების გარეშე მომავალი არ აქვს

დაეხმარეთ დედას, სნეულ მამასა და 5 მცირეწლოვანს. ეს მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა! ეს ოჯახი უკვე …