მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » “სოციალური პასუხისმგებლობის ერთერთი ყველაზე ცუდი მაგალითი” – მინისტრი ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებზე

“სოციალური პასუხისმგებლობის ერთერთი ყველაზე ცუდი მაგალითი” – მინისტრი ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებზე

სხვა ქვეყნებს შორის, საქართველოს მაგალითი, ალბათ, ერთერთი ყველაზე ცუდი მაგალითი იქნება ფარმაცევტულ ბაზარზე სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეფერენტული ფასების შემოღებისა და ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგების კუთხით დარღვევები და საბოტაჟის მცდელობები ბევრ ქვეყანაში იყო, მაგრამ საქართველოს მაგალითი, ალბათ ერთერთი ყველაზე ცუდია.

მინისტრმა ასევე უპასუხა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებმაც ონკოლოგიურ წამლებზე ფასების ზრდა მედიკამენტების ვადის გასვლისა და ახალი პარტიის მაღალ ფასად შემოტანით ახსნეს. მინისტრის თქმით, სამინისტრომ ზუსტად იცის, მედიკამენტების რომელი პარტია როდის შემოვიდა.

„ჩვენ ზუსტად ვიცით შემოტანის დროც, როდის რა ვადებით შემოვიდა. რა მედიკამენტები შემოვიდა და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მაშინდელი შემოტანილია, რაც დღეს იყიდება. ასევე ეს დაემთხვა იმას, რომ 15 თებერვლიდან ფარმაცევტულ ბაზარზე რეფერენტული ფასები შემოვიტანეთ და წამლების გაძვირებაც ამ რეფერენტული ფასების შემოტანას დაემთხვა. გარდა ამისა, არის ბევრი დარღვევა – ის, რომ შეთანხმებულად ხდება ფასის შეთავაზება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის, რომელიც ონკოლოგიური მედიკამენტების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია და წელიწადში 90 მილიონმდე ლარის ღირებულების მედიკამენტებს ყიდულობს. თუმცა გაძვირების გამო მნიშვნელოვნად შემცირდება ამ წამლების რაოდენობა,“ – განმარტა მინისტრმა.

მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიების არგუმენტები მათი სუვბიექტური მოსაზრებებია და არა – არგუმენტები.

მინისტრი ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტო სწავლობს ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების თემას და მისი დასკვნა აუცილებლად დაადასტურებს სამინისტროს არგუმენტებს.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …