მთავარი » სოციალური » სოციალური მომსახურების სააგენტოს მემორანდუმი ლიბერთი ბანკთან თავშესაფრების პატრონაჟს ითვალისწინებს
ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის აანაზღაურებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მემორანდუმი ლიბერთი ბანკთან თავშესაფრების პატრონაჟს ითვალისწინებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ალექსი ხოროშვილმა, დღეს, მცირე საოჯახო ტიპის სახლების და მიუსაფართა თავშესაფრების პატრონაჟის შესახებ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორმოცდაათი მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები, კი თბილისსა და რუსთავში ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 60-მდე ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

„მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკთან, მორიგი, ნაყოფიერი თანამშრომლობით შევძელით 50 მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები საშუალებას მოგვცემს, უფრო აქტიურად, ვიზრუნოთ ამ ცენტრების ბენეფიციარების სხვა პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარებაზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს გაწეული პატრონაჟისათვის“ – აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ. 

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი მუდამ ცდილობს იზრუნოს დაუცველ ბენეფიციარებზე. მოხარული ვარ, რომ გავზარდეთ ქველმოქმედების სპექტრი და უკვე ორმოცდაათი მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფართა თავშესაფრის დახმარებას შევძლებთ.“ – აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა. 

ssageorgia

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …