საუბარი იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ ხელოვნურად გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა და შემდეგ დაიწყო ბაზიდან სოციალურად დაუცველების ამოყრა – არასერიოზულია, – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სოციალური მომსახურების სააგენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის დღევანდელ განაცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ”2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო და ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა”.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი და სუბიექტური მექანიზმი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ან მისი შემცირების. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ წინასაარჩევნოდ ხელოვნურად გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა და შემდეგ დაიწყო ბაზიდან სოციალურად დაუცველების ამოყრა- არასერიოზულია.
2016 წლის ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღები იყო 484 135 პირი, თებერვლის მონაცემებით მიმღებია – 445 555 პირი. საშუალოდ ყოველთვიურად, ბაზაში 5000 ახალი ოჯახი შედის და დაახლოებით ამდენივე გადის ბაზიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმღებთა შორის გაიზარდა მრავალწევრიანი და ბავშვიანი ოჯახების რიცხვი. სააგენტომ შეძლო, გეგმა – გრაფიკის მიხედვით, გადაემოწმებინა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დიდი რაოდენობა, რამაც მოგვცა ის სურათი რაც ჩანს სტატისტიკაში.
2016 წელს აქტიურად მოწმდებოდა როგორც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები, ასევე ბაზაში რეგისტრირებული, მაღალქულიანი ოჯახები, ასევე ის პირებიც, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულები ბაზაში და პირველადი განაცხადით მომართეს სააგენტოს. ამას დაემატა ის ადამიანებიც, რომელთაც გაუვიდათ ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების ერთ წლიანი ვადა და ხელახალი გადამოწმება მოითხოვეს. ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის კლება ან ზრდა არ არის ამოვარდნილი იმ საერთო სურათიდან, რაც ზოგადად ახასიათებს ამ პროგრამას.
2015-2016 წლებში ბაზაში რეგისტრირებული საკმაოდ დიდი მასის გადამოწმება მოხდა, ამჟამად მიმდინარეობს გადამოწმება გეგმა გრაფიკით და ამ ოჯახებს შორის ბევრია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებიც. ბუნებრივია, ყველა მათგანი ვერ იღებს კვლავ დაბალ სარეიტინგო ქულას და ხდება მათი ამოვარდნა პროგრამიდან, თუმცა როგორც აღვნიშნეთ – ეს არ ცდება პროგრამის ზოგად სურათს- ბაზაში მუდმივად შემოდიან ახალი ოჯახები და გარკვეული ოჯახები რჩებიან საარსებო შემწეობის მიღმა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ დახმარებებს პოლიტიკური მიზნით იყენებს.
“მეხუთე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა, თითქოს საარსებო შემწეობის სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” 40 000-ით გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი, არჩევნების შემდეგ კი, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ისევ დაიწყო გაჭირვებული ადამიანების ამოყრა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.