მთავარი » სოციალური » სოციალური მომსახურების სააგენტო ISSA- ის წევრია
სააგენტო ISSA- ის წევრია

სოციალური მომსახურების სააგენტო ISSA- ის წევრია

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ბიურომ, 113-ე სხდომაზე, რომელიც პანამის რესპუბლიკაში, ქ. პანამაში გაიმართა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ასოციაციაში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

სოციალური დაცვის საერთაშირისო ასოციაცია (ISSA) სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტია. იგი 1927 წელს დაფუძნდა და ამჟამად, 156 ქვეყნის 322 სოციალური დაცვის სააგენტოსა და ორგანიზაციას აერთიანებს. ასოციაცია წევრებისათვის უზრუნველყოფს ინფორმაციის, ექსპერტული ცოდნის, ბიზნეს სტანდარტების, პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და პლატფორმების ხელმისაწვდომობას.

ორგანიზაციის მიზანია: დინამიური და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. სოციალური დაცვის საერთაშირისო ასოციაციის წევრობა სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებას მისცემს შეუზღუდავად გამოიყენოს ამ საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება, მიიღოს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნოს და დანერგოს ინოვაციები სოციალური დაცვის ადმინისტრირების სფეროში.

ასოციაციის ბიურის სხდომა სოციალური დაცვის მსოფლიო ფორუმის პარალელურად ჩატარდა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე ესწრებოდა.

მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა – ზაზა სოფრომაძემ ღონისძიების მსვლელობისას შეხვედრები გამართა სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანთან – ჰანს-ჰორსტ კონკოლევსკისთან და ასოციაციის საპატიო პრეზიდენტთან – ჯონ ვერსტრატენთან, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი მეგობარი და გულშემატკივარია. შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს ასოციაციასა და სააგენტოს შორის აქტიური თანამშრომლობის საკითხები.

დაიგეგმა პირველი ერთობლივი ღონისძიებაც. ასოციაციის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ტექნიკური კომისიის სხდომა 2017 წლის აპრილში ქ. თბილისში ჩატარდება. შეხვედრისას გენერალურმა მდივანმა და საპატიო პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, დაუდასტურეს სააგენტოს ხელმძღვანელს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

ssageorgia

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …