პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურად დაუცველთა საკითხებთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს და “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნო ტრიუკში ადანაშაულებს.
“მსურს საზოგადოებას მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მას შემდეგ, რაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მყისიერად გაიზარდა და 2012 წლის იანვრამდე გაგრძელდა.
ბუნებრივია, სოციალურად შეჭირვებულთა რადენობა ერთ დღეში არ გაიზრდებოდა, მათი რაოდენობის გაზრდა მოხდა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისათვის – მოსახლეობისგან რაც შეიძლება მეტი ხმა მიეღოთ და მეტი მოქალაქე ჰყოლოდათ შანტაჟის ქვეშ. სტატუსის მინიჭება ხდებოდა უსამართლოდ, იღებდნენ ისინი, ვისაც არ ეკუთვნოდათ. არ იღებდნენ ისინი, ვისაც მართლა ეკუთვნოდათ, მაგრამ არ იყვნენ მათი ამომრჩევლები.
2012 წლის იანვრამდე სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: საპარლამენტო არჩევნებამდე ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვა.
ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი რაოდენობის გაზრდით “ნაცმოძრაობა” ცდილობდა ბიუჯეტიდან მეტი თანხა გასულიყო და რაც მთავარია, გადამოწმების შემდეგ მეტი მოქალაქე დარჩენილიყო უკმაყოფილო ხელისუფლებაზე. ეს პოლიტიკა გრძელდება დღესაც, რომლის გამხმოვანებელიც გახლავთ ზურაბ ჭიაბერაშვილი. იგი მუდმივად გაიძახის, რომ ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებით მოხდა მათთვის გასაცემი თანხის გაზრდა.
არაერთხელ განმიცხადებია, რომ ეს მტკნარი სიცრუეა და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც ბევრჯერ გამოვაქვეყნე. ფაქტი ერთია, ყველაზე გაჭირვებული ხალხის თემებით “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევა”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც დეპუტატი განმარტავს, დღევანდელმა ხელისუფლებამ უსამართლო კრიტერიუმები სამართლიანი კრიტერიუმებით შეცვალა, დახმარების ოდენობა გააორმაგა და დაამატა ბავშვზე გასაცემი თანხა.
“ჩვენ მეტად ვეხმარებით იმას, ვისაც მეტად ესაჭიროება დახმარება. რაც შეეხება ხარვეზებს, მასშტაბურ პროექტს ხარვეზები ყოველთვის ახლავს. მთავარია, ჩვენ ეს ხარვეზები დროზე აღმოვფხვარით. გარწმუნებთ, თითოეული განცხადება იქნება ყურადღებით შესწავლილი და ყველა გადაწყვეტილება იქნება ობიექტური.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ახლოვდება, “ნაცმოძრაობისგან” განსხვავებით, ჩვენ არ ვგეგმავთ გაჭირვებული ხალხის ხმების გამოყენებას. ეს ჩვენი ხელწერა არ არის. მწვავე პროცესების მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პროექტი განხორციელდეს ხალხისთვის და არა ჩვენი პოლიტიკური მიზნებისთვის”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.