საქართველო რჩება ქვეყნად, სადაც სისხლის უანგარო დონაციის წილი დონაციათა საერთორაოდენობაში დაბალია.
კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით უანგარო დონაციების წილი 24.5%-დან 41%-მდე გაიზარდა. თუმცა ეს მონაცემი მაინც დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ, ,,საქართველოს 2023-2025 წლების ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიაში“ ნათქვამია, რომ მართალია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ბოლო წლებში გაიზარდა საგანმანათლებლო კამპანიების რაოდენობა, თუმცა სიტუაციის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საჭიროა მიზნობრივი საგანმანათლებლო კამპანიების კიდევ უფრო გააქტიურება.
უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 15 დეკემბერს მიღებულ იქნა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი, რომლის სრულად ამოქმედება 2025 წლიდან კიდევ უფრო მყარ საფუძვლებს შექმნის უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელებისთვის.
კერძოდ, კანონის თანახმად, 2025 წლის 1 ივლისამდე პირს უფლება აქვს, სისხლი ან სისხლის კომპონენტი გაიღოს ფულადი ანაზღაურებით ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლით. 2025 წლის 1 ივლისიდან კი ქვეყანა სრულად გადავა უანგარო დონორობის პრინციპზე, შესაბამისად, სისხლის დონორობა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში, საქართველოშიც ნებაყოფლობითობის, უანგარობის და ანონიმურობის პრინციპებს დაეფუძნება.
გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ დონორის ან სხვა პირის მიერ ფულადი ანაზღაურების ან ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დონორისთვის სისხლის ან მისი კომპონენტის გაღების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება ან მიცემა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
უანგარობის პრინციპი გულისხმობს პირის მიერ სისხლის ან მისი კომპონენტის უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე გაღებას.
უანგარო დონაციის პირობებში, დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ დონორის ან სხვა პირის მიერ ფულადი ანაზღაურების ან ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება-მიცემა.
ამასთან, კანონის თანახმად, ფულადი ანაზღაურების ტოლფას სარგებლად არ მიიჩნევა დონორისთვის დასვენების დროისთვის მიცემული შრომის ანაზღაურება, საპატიო დონორისთვის გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი, დონორისთვის გადაცემული სიმბოლური ნიშანი, სუვენირი ან საჩუქარი, რომლის ღირებულება არ შეიძლება გახდეს უანგარობის პრინციპის დარღვევის სტიმული, მაგრამ რომელიც ხელს შეუწყობს დონორობის წახალისებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 40-50%-ს შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი. რეალურად კი ამ ადამიანების 0.5%-ზე ნაკლები აბარებს სისხლს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, უსაფრთხო სისხლის საკმარისი და საიმედო მოწოდების უზრუნველყოფა მხოლოდ რეგულარული, უანგარო დონორთა სტაბილური ბაზის შექმნის გზით არის შესაძლებელი. აღნიშნული დონორები წარმოადგენენ დონორობისათვის ყველაზე უსაფრთხო ჯგუფს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არ არსებობს საფრთხე, რომ ანგარების მიზნით მათ ჯანმრთელობასთანდაკავშირებული გარკვეული რისკები დამალონ.სწორედ ამიტომ სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი მათში დაბალია.
თუ ქვეყანაში გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სისხლს ყოველგვარი დაინტერესების გარეშე აბარებს, ეს ასევე გაზრდის უსაფრთხო სისხლის მარაგსაც.