საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო პროექტზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვა“, რომელსაც ის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს.
რეფორმა მოიცავს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო სერვისების მიწოდება.
რეფორმის გატარებაში სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF” ეხმარება, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს “USAID”-ის დახმარებით 2016 წლის ბოლოსთვის სახელმწიფოს გადასცენ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ადაპტირებული და სრულიად მორგებული იქნება შშმ ბავშვთა საჭიროებებზე. ამ სახლში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნვა, მათი ინტერესების გათვალისწინება ასევე პრიორიტეტულია დეველოპერული კომპანია M2 -ისთვის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტში.
კომპანია M2 ვალდებულებას იღებს დააფინანსოს შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა და ამ პროექტში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადოს. სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია M2-ს შორის ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება. წინასწარი შეთანხმებით კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარჯებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლი კი მზად 2017 წლის დასაწყისში იქნება.
დღესდღეობით ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 59 ბავშვი ცხოვრობს და სახელმწიფოსგან ყველა საჭირო სერვისს იღებს. „UNICEF“-ისა და კომპანია M2-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, ბავშვების განვითარებაზე ინდივიდუალური ზრუნვა, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა.
რეფორმისა და ახალი ინიციატივების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებენ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი და დეველოპერული კომპანია M2 -ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.