შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფმა დღეს რიგით მე-3 შეხვედრა გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, დღეს კანონპროექტის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
კანონპროექტის მიზანია დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, შრომის ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტების განსაზღვრა. სამუშაო შეხვედრები კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის შენიშვნებისა და მოსაზრებების შესაჯერებლად იმართება.
დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა გაგრძელდა მძიმე, მავნე, საშიში და განსაკუთრებული რისკის შემცველი შრომის პირობების ნუსხასთან დაკავშირებით.
გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონის მოქმედება უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ნუსხით წარმოდგენილ სამუშაოების ჩამონათვალზე, არამედ ყველა დასაქმებულზე, ხოლო ნუსხის შემთხვევაში, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ნუსხის დამტკიცება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან შეთანხმებით.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განცხადებით, ნუსხის შემუშავებაში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც რისკების შეფასებას აკეთებენ.
კომიტეტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილია კანონპროექტის პირველადი, სამუშაო ვერსია. მისივე თქმით, დოკუმენტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და მასში სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერება მიმდინარეობს, ვიდრე კანონპროექტს კომიტეტი მეორე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.