პარლამენტში, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა – შრომის უსაფრთხოების კანონში შესატანი ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 1 იანვრიდან ინსპექციას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლის უფლება ექნება.
„შრომის უსაფრთხოების კანონით გაძლიერდება მანდატი, გაფართოვდება ინსპექციის უფლებამოსილება, რითაც ინსპექტორებს მიენიჭებათ უფლება მომეტებული საფრთხის კომპანიებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ“, -განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელზა ჯგერენაიამ.
ახალი კანონპროექტით ასევე 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება საწარმოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დანიშნოს ან ამ მიზნით სპეციალური სამსახური შექმნას.
„კანონის მიღებიდან მოკლე პერიოდში დამტკიცდება აკრედიტებული პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა სასწავლებელს გადაამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.