საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგატები სამინისტროს , თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ფონდის – მარტყოფის, ძევერის, კოჯრისა და დუშეთის ფილიალებს მოინახულებენ.
მხარეები ერთმანეთს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სერვისების მართავასა და მიღწეულ შედეგებზე, თვითმმართველობის რგოლის გაძლიერების, გარემოს, ინფრასტრუქტურის ადაპტირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამოცდილებას გაუზიარებენ.
პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საკითხებში მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის დირექტორი მიროსლავ პრზევოზნიკი ხელმძღვანელობს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს თანამშრომლობის პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით 2012 წლიდან ხორციელდება.
პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 23 სექტემბერს დასრულდება.