მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » შიდსის ჯანდაცვის ფონდი მოქალაქეებს უფასო და ანონიმურ ტესტირებას სთავაზობს

შიდსის ჯანდაცვის ფონდი მოქალაქეებს უფასო და ანონიმურ ტესტირებას სთავაზობს

საქართველოში შიდსის გადაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაუცველ სქესობრივ კონტაქტებზე მოდის. ინფორმაციას შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს

ფონდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება და ამასთანავე, ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილს იკავებს, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, აივ ინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ სოლიდურია და ივნისის მონაცემებით, 8 853-ს შეადგენს.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის ძირითად გზებს დაუცველი სექსუალური (ჰეტერო და ჰომო/ბი) კონტაქტები –  61,9 %  და ინექციური ნარკომანია – 35,7 % წარმოადგენს.

„შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. საწყის ეტაპზე, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებული, რომელმაც ხშირად არც კი იცის, რომ ვირუსის მატარებელია, დაავადების უნებლიე გამავრცელებელი ხდება. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენისთვის ტესტირება უალტერნატივო გამოსავალია. შიდსის ჯანდაცვის ფონდი მოქალაქეებს სრულიად უფასოდ სთავაზობს სწრაფ და ანონიმურ ტესტირებას აივ ინფექციზე, კონდომებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, შიდსისგან თავდასაცავად, ასევე კონსულტაციებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, კონტრაცეფციასა და ინფექციურ დაავადებებზე. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, განსაკუთრებით რისკჯგუფების წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ისარგებლონ უფასო ტესტირების სერვისით, რომელსაც ჩვენი ფონდი და სხვა ორგანიზაციები სთავაზობენ, გაიგონ საკუთარი აივ სტატუსი, რათა დაიცვან როგორც საკუთარი, ისე პარტნიორის  ჯანმრთელობა. დღეს, თანამედროვე მედიკამენტების საშუალებით, აივ ინფექცია/შიდსი მართვადი დაავადებაა. ადრეულ სტადიაზე გამოვლენისა და მკურნალობის დაწყების შემთხვევაში, ინფიცირებულის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ცხოვრების ხარისხი ისეთივეა, როგორიც ჯანმრთელი ადამიანის. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ინფიცირებულის გამოვლენა/დიაგნოსტიკით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში შიდსის გავრცელების შეჩერებას“, – აცხადებს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, უკანასკნელ წლებში,  აივ/შიდსით ინფიცირებულთა სიკვდილობა შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად უკავშირდება აივ ინფექცია/შიდსზე მკურნალობის ხელმისაწვდომობას და მოვლა-მკურნალობის პროგრამების ეფექტიან განხორციელებას. ქვეყანაში აივ/შიდსთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგების მიუხედავად, კვლავ არსებობს სერიოზული გა­მოწვევები, რაც მაღალი რისკის ჯგუფების არასაკმარისად მოცვას, აივ/შიდსით ავადმყოფთა გამოუვლენელი შემთხვევების მაღალ მაჩვენებლებს და აივ ინფექციის დაგვიანებულ დიაგნოსტიკას უკავშირდება.  ეს კი, ხელს უწყობს ინფექციის ნელა, თუმცა გავრცელების მზარდ  დინამიკას.

ნებისმიერ საქართველოს  მოქალაქეს აივ ინფექციაზე უფასო და ანონიმური ტესტირების ჩასატარებლად და უფასო კონდომების მისაღებად, შეუძლია მიმართოს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37დ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფონდის ფეისბუქის გვერდი  https://www.facebook.com/ahfgeorgia  ან ვებგვერდი https://freehivtest-ge.org/ge/

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ში აივ/შიდსის მკურნალობის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. ფონდის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელესში. ორგანიზაციის წარმომადგენლობები განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. ფონდი ახორციელებს პროგრამებს  აივ ინფექცია/შიდსის  პრევენციისა და ჯანდაცვის მომსახურების გაფართოების მიზნით,  მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. მსოფლიოს მასშტაბით, ფონდის ბენეფიციარია 43 ქვეყნის 1 მლნ-ზე მეტი მოქალაქე.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …