შრომის ინსპექტორებმა კერძო და სახელმწიფო სექტორში მონიტორინგის შედეგად დარღვევები აღმოაჩინეს.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია „კომერსანტთან” აცხადებს, რომ სპეციალურად გადამზადებულმა შრომის 25-მა ინსპექტორმა მონიტორინგი 60 კერძო და სახელმწიფო კომპანიაში უკვე ჩაატარა.
მათ შორის, 36 კერძო კომპანია, ხოლო 24 საჯარო სტრუქტურაა.
ჯგერენაია აცხადებს, რომ პირველი, რასაც საწარმოებში ნაკლები ყურადღება ექცეოდა, პერსონალური დამცავი აღჭურვილობაა. ხარვეზების მეორე ნაწილი შესაბამის საწარმოებში ვინტილაცია-კონდიცირების და სამუშაო გარემოს მოთხოვნებთან შეუსაბამობას უკავშირდება. მათ შორისაა მტვერი, აწარმოო ხმაური და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიკვეთა, რომ კომპანიებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს. ჯგერენაიას ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის ინსპექტორებს კანონით დაჯარიმების უფლება არ აქვთ, დარღვევებზე კომპანიებს გაფრთხილება და რეკომენდაციები მიეცათ.
რომელ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში გამოვლინდა დარღვევები, უცნობია. ჯგერენაია აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალურია.
ჯგერენაიას თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაციები უკვე ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას იწყებენ. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მონიტორინგი რამდენიმე კერძო კომპანიაში მიმდინარეობს.
ჯგერენაიას თქმით, 2016 წლის 1 იანვრიდან ტრეფიკინგის იდენტიფიცირების კუთხით ინსპექტირება სავალდებულო ხდება. ამას კი კანონი დაარეგულირებს.
„შემუშავებულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც შემოწმებას სავალდებულოს გახდის. ჩადებული იქნება რეაგირების შესაბამისი მექანიზმებიც, მათ შორის დარღვევების შედეგად საქმის საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა. კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის წლის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ, შრომის ინსპექცია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ქვეყანაში შრომის ინსპექციის შესაქმნელად მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარე წლის დადგომისთანავე დაიწყო. ამისთვის მთავრობამ „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა” დაამტკიცა.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებების განსაზღვრა, ასევე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება-გადასინჯვა.
პროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან დამსაქმებლები, რომლებმაც ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ წერილობითი თანხმობა განაცხადეს და დასაქმებულები, რომლებიც ამ დამსაქმებლებთან მუშაობენ.
შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარით განისაზღვრა და საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ,,შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების” პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან იფარება.
აღნიშნული პროგრამა შრომის ინსპექციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.