ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორის მუშაობის შედეგად, შემოდგომიდან ძირითად მედიკამენტებზე ფასის შემცირება იგეგმება. თუმცა, მისივე თქმით, თუ რა ფორმით მოხდება ეს და რამდენით შემცირდება ამ მედიკამენტებზე ფასი, ბუნებრივია, ამაზე საუბარი ნაადრევია.
ზაზა სოფრომაძის თქმით, მედიკამენტზე ღირებულების კლებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
“მედიკამენტებზე ფასების შემცირების დაწყების ნიშნულად მაინცდამაინც პირველი სექტემბერი არ ყოფილა შერჩეული, თუმცა, შემოდგომიდან ვგეგმავთ, რომ ძირითადი მოხმარების მედიკამენტებსა და გადაუდებელი მოხმარების წამლებზე ფასები დავწიოთ და გარკვეული შეღავათები დავაწესოთ.
თუმცა, თუ რა ფორმით მოხდება ეს და რამდენით შემცირდება ამ მედიკამენტებზე ფასი, ბუნებრივია, ამაზე საუბარი ნაადრევია. ამ პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე აუცილებლად მოხერხდება ფასების დაწევა.
გარდა ამისა, ალბათ ნახავდით, რომ ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს შესაბამისი სამსახურების მიერ და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ძირითად გამოყენების მედიკამენტებზე ფასების რადიკალური ზრდა ქვეყანაში არ მომხდარა. ეს გახლავთ არა მხოლოდ რომელიმე კერძო სექტორის ინიციატივა, არამედ ორივე მხარის – ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორის ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი,“ – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
შემოდგომაზე 200-მდე ძირითად მედიკამენტზე ფასების შემცირების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. მისივე თქმით, ფარმაცევტულ სფეროში რამდენიმე ახალი კომპანია გამოჩნდება.