მთავარი » დაზღვევა » შეჩერდება თუ არა გეგმიური ამბულატორიული მომსახურება – თამარ გაბუნიას პასუხი სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებაზე

შეჩერდება თუ არა გეგმიური ამბულატორიული მომსახურება – თამარ გაბუნიას პასუხი სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებაზე

გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერებას, რათა ოჯახის ექიმებზე კოვიდპაციენტების რაოდენობის ზრდით გამოწვეული დატვირთვა შეამსუბუქოს? ამ კითხვაზე პასუხისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ცალსახად არ ამბობს, რომ მსგავსი რეგულაციის შემოღება განიხილება, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ახლაც, ინდივიდუალურ რეჟიმში, სადაზღვევო სქემების ფარგლებშია შესაძლებელი.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა პროცედურულ და ადმინისტრაციულ საკითხებზე, რათა, თუკი არის ამის შესაძლებლობა, ოჯახის ექიმებს ადმინისტრაციული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამუშაო შეუმსუბუქდეს.

„რაც ოჯახის ექიმებს დროს ართმევს, მზად ვართ, რომ განვიხილოთ და გადავიტანოთ ეს ელექტრონულ ფორმატში, რომ ექიმს არ მოუხდეს დროის დაკარგვა. რაც შეეხება ამბულატორიული მომსახურების გადავადებას, ეს უკვე შიდა თემაა. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში იყო იმის პრეცედენტი, რომ გვქონდა გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების გადავადების რამდენიმე ეპიზოდი – გადაუდებელი ქირურგიული და ჰოსპიტალური მომსახურება ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადავადდება. ამბულატორიული მომსახურების გადავადების ეპიზოდები არ გვქონია, რადგან ამბულატორიული მომსახურება მეტად მართვადია ექიმის და პაციენტის კომუნიკაციის რეჟიმში. ამდენად, თავად სადაზღვევო სქემებს შეუძლიათ ამაზე კომუნიკაცია. რა თქმა უნდა დღეს მთავარია რესურსი მოხმარდეს ძირითადად ომიკრონის მართვას, რადგან 2 კვირა იქნება თუ 3 კვირა პიკური პერიოდი, გავიაროთ იმგვარად, რომ პაციენტებს არ მოაკლდეს ყურადღება. გეგმიური ამბულატორია, თუკი იძლევა ამის შესაძლებლობას, შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალურად სადაზღვევო სქემის ფარგლებში,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ: სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ შეძლონ კოვიდპაციენტების მართვა.

jandacva.ge-ს ინფორმაციით, არსებულ პრობლემებსა და შესაძლო ცვლილებებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან 4 სადაზღვევო კომპანიის – „არდის,“ „ჯიპიაის,“ „იმედი ელის“ და “ბენეფიტის” წარმომადგენელთა შეხვედრა გუშინ გაიმართა.

სადაზღვევო ასოაციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, თუ შეიცვლება გაიდლაინი და მსუბუქი პაციენტებთან ოჯახის ექიმების მხრიდან ზარის განხორციელების რაოდენობა შემცირდება, ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზოგოს ოჯახის ექიმების რესურსი. ხოლო თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა გაგრძელდა, მისივე თქმით, უკვე შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს რეგულაციის მიღება, რომელიც ამბულატორიულ, არააუცილებელ სერვისებს ქვეყანაში დროებით შეაჩერებს.

დღესვე გაბუნიამ ონლაინ კლინიკებში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა: „უკვე ამ კვირის განმავლობაში 102 ონლაინ კლინიკა გააქტიურდა. სულ ქვეყანაში დაახლოებით 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე კერძო დაწესებულებებში და სადაზღვევო ქსელში. გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკა 15 22-ის სახით, ზარების რაოდენობა გუშინ გახლდათ 5600, რაც არის გარკვეულწილად რეკორდული რაოდენობა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც 15 22 მუშაობს, აქაც დაემატა რესურსი, გაორმაგდა ექიმების რესურსი და ჯერჯერობით დაყოვნების ხანგრძლივობა არის წუთი, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3-4 წუთი. ამ ეტაპზე მართვადია ეს ყველაფერი, თუმცა ოჯახის ექიმები აკეთებენ უკვე პრიორიტეტული ზარების გამოყოფას, რაც ნიშნავს იმ პირს, ვინც არის 65 წელს ზევით, აქვს ქრონიკული დაავადება და მთავარი ცვლილება ჩვენთვის მოკლე ხანში იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მართავს მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას, თუკი მას გამოუვლინდა კოვიდი. თუკი აქამდე მოსახლეობის გადანაწილება ხდებოდა ძირითად ონლაინ კლინიკებს შორის, ვინაიდან ახლა ყველა არის უკვე ჩართული, ყველა პირს, ვინც რეგისტრირებულია, ექნება საშუალება დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს ან დაელოდოს მის ზარს. დღესაც არსებობს ეს მექანიზმი, თუ ზარი ყოვნდება, 15 22 არსებობს იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტს თავად ჰქონდეს ექიმთან დაკავშირების შესაძლებლობა. დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და ასევე 15 22 -ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა – 87 609 აქტიურ შემთხვევას გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას,“- განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …