ფანასკერტელის ინდექსის თანახმად, ბოლო თვეები მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენციით ხასიათდება.
წამლებზე ფასების შემცირებას მსხვილი სააფთიაქო ქსელებიც ადასტურებენ. იგივე ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმაც“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სერგო ხაბულიანი მედიკამენტების ფასებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე საუბრობს:
„პირადად მეც, შემიძლია დავადასტურო ეს ინფორმაცია – მართლაც მკვეთრად დაიკლო ფასებმა მედიკამენტებზე. როდესაც შევდივარ ნებისმიერ აფთიაქში, ყველგან აშკარად ვხედავ კლების ტენდენციას“.
ხაბულიანის მიიჩნევს, ზოგადად, ამა თუ იმ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა გარემოს უფრო კონკურენტულს ხდის:
„გააჩნია, ვინ შემოვა და როგორი ხარისხის წამალს შემოიტანს ფარმაცევტულ ბაზარზე. თუ ძლიერი კომპანიაა და ხარისხიანი წამლები შემოაქვს, ეს უკვე ქმნის ამინდს ბაზარზე და ამაღლებს კონკურენციას. სახელმწიფოს მხრიდან სწორედ კონკურენციის ხელშეწყობითა და წახალისებით უნდა ხდებოდეს ნებისმიერ ბაზარზე, მათ შორის, ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების რეგულირება.
ბაზარი თავად არეგულირებს ყველაფერს და ფარმაცევტული ბაზრის შემთხვევაშიც ასე უნდა ხდებოდეს. მკაცრი რეგულაციების გატარება სახელმწიფოს მხრიდან საჭირო არ არის“, – აცხადებს ხაბულიანი.