ინტერვიუ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან:
– „ჯიპისი–“ს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებულ, წამლების განვადების აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის ჯანდაცვის მინისტრისა და მისი მოადგილის მხრიდანაც, რომლებმაც ეს პროექტი გააკრიტიკეს. მათი თქმით, წამლების განვადებამ შესაძლოა მოსახლეობას ფინანსური სირთულეები შეუქმნას. როგორ შეაფასებთ თავად ამ პროექტს და მასზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთა ასეთ რეაქციას?
– როდესაც ჯანდაცვის მინისტრი წუხს, რომ ეს პროექტი დაამძიმებს სოციალურად დაუცველთა და იმ ადამიანთა მდგომარეობას, ვისაც წამალი ჭირდება, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანების ფინანსური მდგომარეობა უკვე დამძიმებულია და „ჯიპისიმ“ უბრალოდ უპასუხა იმას, რაც რეალობაა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა გავარკვიოთ რატომ არის შექმნილი ასეთი ვითარება, როდესაც მედიკამენტები მნიშვნელოვნადაა გაძვირებული – ინფლაციის ერთერთი ყველაზე მაღალი დონე სწორედ მედიკამენტებზე მოდის – და რას აკეთებს ასეთ ვითარებაში ჯანდაცვის სამინისტრო.
პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ქართული ოცნების მართველობის სამი წელი აღინიშნა სიღარიბის ზრდით, რაც გამოწვეულია ეკონომიკური სტაგნაციითა და კრიზისით და იმით, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, პირიქით – იკარგება, ეკონომიკა დგას, და ადამიანებს უფრო და უფრო უმცირდება შემოსავალი.
აღარაფერს ვამბობ ლარის დევალვაციაზე. ასეთ პირობებში პაციენტებიც და სააფთიაქო ქსელები ეძებენ გარკვეული ტიპის გამოსავალს. ჯიპისიმ ძალიან შემაშფოთებელი, მაგრამ სწორედ ასეთი გამოსავალი მოძებნა. ჩვენ ამის გამო კომპანია შეგვიძლია ვაკრიტიკოთ და კი ბატონო, გავაკრიტიკოთ, მაგრამ მთავარია დავსვათ კითხვა:
რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო? რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო? იმის მიუხედავად, რომ დაპირება იყო გაცემული, საყოველთაო ჯანდაცვაში დავით სერგეენკომ ვერ აამოქმედა წამლის კომპონენტი. ამის მიზეზი ისაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ქრონიკულად არ ყოფნის თანხები.
– გამორიცხავთ, რომ ეს უბრალოდ, კომპანიის მარკეტინგული კამპანია იყოს და არ ქონდეს კავშირი ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონთან? კომპანიები ხომ პერიოდულად ცდილობენ მარკეტინგული კუთხით გააქტიურებას სხვადასხვა ფორმით?
– ჩემი ამოცანა არ არის „ჯიპისის“ ბიზნეს სტრატეგიის შეფასება. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებითაც დასტურდება, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი არის გაუარესებული. ამას ადასტურებს კვლევები, რომლებიც 2014 წელს USAID-მა და მსოფლიო ბანკმა ჩაატარეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანდაცვის პროგრამა აგებულია ისე, რომ ეხმარება შეძლებულებს ღარიბებისა და ღატაკების ხარჯზე.
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობას გაუუარესდა ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე და გაუუარესდა სწორედ წამლებზე გაზრდილი ფასების გამო. ეს კვლევებითაა დადასტურებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ:
„ჯიპისის“ ქმედება ესაა აისბერგის წვერი, რომელსაც ვხედავთ. რასაც ვერ ვხედავთ, ესაა ის, რომ პროგრამა არის არასწორად აგებული. კარგია, რომ ჯანდაცვაზე იხარჯება მეტი თანხა და მე ამას მივესალმები, მაგრამ აქ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – ყაირათიანად და ეფექტიანად იხარჯება თუ არა. თუ ამ ხარჯვას შედეგი არ მოაქვს განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, მაშინ რაც უნდა ვზარდოთ ფული, საზოგადოებაში ძირეულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ.
აქ კი თავი და თავი არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორი სისტემა, მისი არსებითი ხარვეზები და პრობლემები, რომელთა გამოსწორების გარეშე შეუძლებელი იქნება იგივე მედიკამენტების ნაწილში მდგომარეობის შეცვლა.
– მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემას მთავრობაც აღიარებს და ამ მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მართალია, პროექტი ზამთრის დადგომამდე უნდა განხორციელებულიყო და მის შედეგად წამლების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გაიაფებულიყო, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. საუბარია ჯენერიკების შემოტანის გაზრდაზე. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს წამლების გაიაფების გზა?
– ფასების შენარჩუნებას ან კლებას უზრუნველყოფს ერთადერთი რამ – თავისუფალი კონკურენცია ბაზარზე. სხვა არაფერი! 2009 წელს, როდესაც კანონში ცვლილებები შევიდა და დაიწყო თავისუფალი კონკურენცია, ამან გამოიწვია მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვანი კლება. გარწმუნებთ, როდესაც სახელმწიფო აამოქმედებს იმ პროგრამას, რაზეც დავით სერგეენკო ლაპარაკობს, ამას მოყვება მედიკამენტებზე ფასების არა კლება, არამედ ზრდა. ეს არ არის ჯანდაცვის საკითხი, ესაა ეკონომიკის ყველაზე მარტივი კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ სადაც სახელმწიფო იწყებს სუბსიდირებას, იქ აუცილებლად ფასების ინფლაცია გვექნება.
მე შეგახსენებთ ანალოგს სხვა სფეროდან: როგორც კი ხვნა–თესვის ვაუჩერი დაარიგეს, რომლითაც შეგეძლოთ ცელის და თოხის ყიდვა, ცელზე და თოხზე საბაზრო ფასმა 30%–ით მოიმატა. გარწმუნებთ: დაიწყება თუ არა ეს პროგრამა, კიდევ უფრო საგრძნობი გახდება მედიკამენტებზე ფასების მატება.
გამოსავალი რაშია?
- ესაა კონკურენციის დაშვება,
- მეორე: ყველა ქვეყანაში, სადაც ცდილობენ ხარჯების ეფექტურ ხარჯვას, ასეთ პროგრამებში სადაზღვევო კომპანიები მონაწილეობენ;
- მესამე და მთავარი: სახელმწიფომ უარი უნდა თქვას პოპულისტურ საყოველთაობაზე და გადავიდეს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებაზე – მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ხოლო შეძლებულები დააზღვიოს კატასტროფული ხარჯებისგან.
მაგალითად, 10 ათას ლარზე მეტი აუცილებელი ხარჯისგან. თუმცა ვიღაცისთვის კატასტროფული ხარჯი 50 ლარიდან იწყება და ექოსკოპიის გაკეთებაც კი არ შეუძლია. როდესაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები აქვს, ძირითად თანხებს სწორედ ამ მეორე კატეგორიაზე უნდა ხარჯავდეს. დღეს კი, როდესაც სისხლის ანალიზს მდიდარსაც უფინანსებ, ეს ღარიბს აკლდება, შედეგად კი მას წამლის ყიდვაც აღარ შეუძლია.
გამოსავალია არა წამლის პროგრამების ამოქმედებაში, არამედ იმაში, რომ ასეთ მოწყვლად ჯგუფებს გაეზარდოს პირდაპირი სახელმწიფო დახმარება. პენსიონერებს პენსია უნდა გაეზარდოს 50 ლარით, რაც რეალურად დააბალანსებს წამლებზე გაზრდილ ფასებს. სახელმწიფო პირდაპირ ფულით უნდა დაეხმაროს ამ ადამიანებს და არ აამოქმედოს ბიუროკრატიული პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ერთადერთი რამ მოხდება – გაგრძელდება წამლებზე ფასების მატება.
– იმ შემთხვევაშიც, თუ ბაზარზე ჯენერიკების შემომტანი ახალი კომპანია შემოვა?
– თქვენ გგონიათ, ახლა კომპანიებს ჯენერიკები არ შემოაქვთ?
– შემოაქვთ, მაგრამ, ხელისუფლების ლოგიკით, უნდა გაჩნდეს ახალი მოთამაშე, რათა არჩევანი და კონკურენცია მეტი იყოს, რაც წამლების გაიაფებას შეუწყობს ხელს…
– კიდევ ერთხელ ვამბობ: ხელისუფლება მოვიდა აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენებით, თითქოს ბაზარზე იყო მონოპოლია. მონოპოლია ნიშნავს ერთი კომპანიის არსებობას. ბაზარზე კი ათეულობით კომპანია მოქმედებს და აქედან 4–5 მსხვილია. საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს, რომ ივანიშვილის მეგობარ მაშკევიჩს ვეპატიჟებოდეთ, თითქოს ის რაღაც ახალ კომპანიას შემოიყვანს და ამით ყველაფერს მოევლება. პირიქით, უნდა იყოს თავისუფალი კონკურენცია.
ჯენერიკები ბაზარზე დღესაცაა. ძირითადი მოხმარება სწორედ ჯენერიკებზეა. პრობლემა სხვაგანაა – როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არასწორად ახდენს ჩარევებს სამედიცინო ბაზარზე. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, უნდა აფინანსოს, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვა არასწორად ერევა და ამის გამოა, რომ გვაქვს სრული ქაოსი სამედიცინო ბაზარზე.
– თქვენ ბრიფინგი გამართეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარვეზებთან და იმ დეფიციტთან დაკავშირებით, რომელიც ამ პროგრამის ბიუჯეტს აქვს. მოკლედ რომ გვითხრათ, რა საფრთხეებს ხედავთ ამ მიმართულებით პირველ რიგში მოსახლეობისთვის?
– დეფიციტი პროგრამას დიდი ხანია აქვს. როდესაც მე ვამბობ, რომ პროგრამას წლის ბოლომდე კიდევ 36 მილიონი უნდა დაამატონ, ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაურიცხოს საავადმყოფოებს ფული იმავე ტემპით, როგორც აქამდე ურიცხავდა. თუმცა ეს ტემპი ჩამორჩება დავალიანებათა წარმოქმნის ტემპს ანუ ჯანდაცვის სამინისტროს უფრო მეტად უგროვდება დავალიანება კლინიკების მიმართ, ვიდრე არსებული ტემპით ახერხებს გადახდას.
არსებული ტემპი რომ შეინარჩუნოს, ჭირდებათ 36 მილიონი, თუმცა დავალიანება რეალურად 100 მილიონზე მეტია. ეს ნიშნავს შემდეგს: სახელმწიფო აფინანსებს გარკვეულ მომსახურებებს გარკვეული პროცენტით. ამ სეგმენტში კი დადგენილი ტარიფებია და კლინიკის ხელმძღვანელობამ იცის, რომ იმაზე მეტ ფულს ამ მომსახურებებიდან ვერ მიიღებს.
თუმცა არის მომსახურების მთელი რიგი სახეობები, სადაც სახელმწიფო არაფერს არ აფინანსებს. ამიტომ თქვენ, როგორც საავადმყოფოს მენეჯერი, იმისთვის, რომ მიიღოთ მეტი შემოსავალი და ექიმებს ხელფასები გადაუხადოთ, თან იმ პირობებში, როდესაც გაწეულ მომსახურებებზე სახელმწიფო გიგვიანებთ გადახდას, ერთადერთ რამეს გააკეთებთ: ფასებს გაზრდით იმ მომსახურებებზე, რომლებშიც სახელმწიფო არ ერევა.
ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სისტემური პრობლემა: რამდენი ფულიც უნდა დაამატონ ამ პროგრამას, ის ყოველთვის დეფიციტური დარჩება. ამ ტიპის პროგრამა უკვე მოქმედებდა შევარდნაძის დროს, უბრალოდ მაშინ საუბარი იყო 1–2 მილიონიან პროგრამაზე, ახლა კი საუბარია ასობით მილიონზე, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვა გაზრდილი ეკონომიკა და ბიუჯეტში მეტი გადასახადი შედის.