საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჯენერიკების სანდოობის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია სპეციალური საინფორმაციო კამპანიის განხორციელება, რათა საზოგადოებამ ჯენერიკ-მედიკამენტების შესახებ უფრო მეტი იცოდეს და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მიიღოს.
„ზოგადად, ყოველთვის სასურველია, საზოგადოებამ მეტი იცოდეს ყველა სიახლის შესახებ, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის სფეროში. რაც შეეხება ჯენერიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების საკითხს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. სულ ახლახან ევროპის საბჭოზე შვეიცარიის წარმომადგენელმა დეპუტატმა პრეზენტაცია გააკეთა, რომელიც შეეხებოდა ფარმაკოლოგიურ მრეწველობას და ადამიანის ჯანმრთელობას. ეს ძალიან მწვავე საკითხია ევროპაშიც, რადგან საუბარია ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებზე – მიიღონ რაც შეიძლება მეტი მოგება და არ ითვალისწინებენ ადამიანების ჯანმთელობის საკითხებს.
ამიტომ პოლიტიკოსები უნდაიყვნენ ის ფიგურები, რომლებმაც უნდა დაიცვან სწორედ პაციენტის ინტერესები ფარმაცევტული კომპანიების შემოტევისგან”, – აღნიშნავს პარლამენტარი და მიაჩნია, რომ ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური კონტროლის დაწესება, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ მოქალაქეების წინაშე.
გუგული მაღრაძე ჯენერიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების ხარისხიანობის საკითხსაც შეეხო, და მიაჩნია, რომ ისინი ეფექტური, სანდო და ხარისხიანი მედიკამენტებია:
„არა სანდოობა შეიძლება იყოს როგორც ჯენერიკებში, ასევე ორიგინალ პრეპარატებში. ასე რომ, ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული განსხვავება არ არის. ჯენერიკების შემთხვევაში არ იხარჯება დამატებითი თანხა კვლევებსა და ცდებში, და ამიტომ იაფია ორიგინალ პრეპარატებთან შედარებით. ამ ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის.
მაგალითად, როდესაც ამერიკაში პირველად ვიყავი, წამალი დამჭირდა და დიდი ქილიდან გადმომიყარეს რამდენიმე აბი და ისე გამომატანეს. ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩვენ მიჩვეულები ვართ დაფასოებულ პრეპარატებს, როდესაც ფირფიტაზე ათი, ოცი ან მეტი აბია დატანილი. აღმოვაჩინე, რომ სწორედ ეს არის ჯენერიკი, მათი ფასი ნაკლებია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობისათვის”, – ამბობს მაღრაძე.
რაც შეეხება პრეპარატების მწარმოებელ ქვეყანას, პარლამენტარი აღნიშნავს, რომ ალბათ, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
„როდესაც ევროსაბჭოში აღნიშნულ საკითხებზე მიდის ხოლმე საუბარი, იქ მსჯელობენ,რომ უნდა იყოს თანაბარი ხარისხი ყველა ქვეყანაში. ფარმაცევტული ინდუსტრიის კონტროლის დროს უნდა გაკონტროლდეს ხარისხი თავიდანვე, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული მედიკამენტების ხარისხს შორის განსხვავება არ უნდა არსებობდეს.
როდესაც საქმე ეხება განვითარებად ქვეყნებში წარმოებულ წამლებს, ამ შემთხვევაში ხშირად დოზებით ხდება ლავირება, ანუ შესაძლოა უფრო დიდი დოზის მიღება გახდეს საჭირო, რომ სასურველი შედეგი დადგეს. ჩვენმა ექიმებმა ეს კარგად იციან და ხშირად ეუბნებიან პაციენტებს, რომ ერთი ქვეყნის წარმოებული წამალი მიიღონ ერთი დოზით,ხოლო მეორესი – სხვა. ჯენერიკი საზიანო ნამდვილად არ არის. ამი შესახებ კისაზოგადოებამ უნდა იცოდეს”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.