დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა.
ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთ წარმატებული ნაბიჯად შეაფასა.
„მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.
აქვე მსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზე. სამინისტროში სპეციალურად შექმნილ ჯგუფთან ერთად, რეფორმის დაწყებამდე პირადად ვიმყოფებოდი თურქეთში, სადაც გაიმართა არაერთი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს და უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან. ჩვენ ადგილზევე გავეცანით მედიკამენტების წარმოების პროცესებს და თურქი კოლეგებისგან მივიღეთ სრულყოფილი გარანტია მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც აკმაყოფილებს წამლის საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის GMP სტანდარტს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია მუშაობა მედიკამენტების რეფერენტული ფასების დადგენისთვის.
„ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია წამლის ფასების ბალანსირებისა და ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის. რეფერენს ფასებით ხელმძღვანელობა აპრობირებული მექანიზმია მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში და უახლოეს თვეებშიც იქნება საქართველოში“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება. პროგრამის ბიუჯეტმა 2021 წელს 24 მლნ ლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებისთვის იგეგმება ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამის კიდევ მეტად გაფართოება.