მთავარი » დაზღვევა » “საყოველთაოში“ ცვლილებების პარალელურად „დაშენებული“ პაკეტები უნდა გაფართოვდეს – ექსპერტების შეფასება

“საყოველთაოში“ ცვლილებების პარალელურად „დაშენებული“ პაკეტები უნდა გაფართოვდეს – ექსპერტების შეფასება

„საყოველთაო ჯანდაცვაში“ თანაგადახდის ლიმიტების დადგენამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა ე.წ. დაშენებული პაკეტების შემოღების საკითხი, რაზეც სადაზღვევო სექტორი და ექსპერტების დიდი ნაწილი წლებია საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ „საყოველთაოს“ პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის უფლება ისეთ მოწყვლად ადამიანებს აქვთ, როგორიცაა პენსიონერები, სოცდაუცველები, 18 წლამდე ბავშვები, პედაგოგები და შშმ პირები. მოქალაქეთა დიდ ნაწილს კი კერძო დაზღვევით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ერთდროულად სარგებლობა არ შეუძლია. შესაბამისად, პირი, რომელსაც გარკვეული შემოსავალი უფიქსირდება და კერძო დაზღვევაში ჩაერთვება, სახელმწიფო პროგრამიდან ეთიშება.

სწორედ ამ პრინციპის შეცვლას მოითხოვს ექსპერტების დიდი ნაწილი. მათი ინიციატივაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ყოფნა არ ზღუდავდეს მოქალაქეებს დამატებითი, კერძო პაკეტის შეძენაში.

ეს საკითხი მაშინაც გააქტიურდა, როცა „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე პაციენტებს დამატებითი, „ვიპ“ სერვისების („ვიპ პალატა“, ექიმის „აყვანა“ და სხვა.) მოთხოვნა და მათი საკუთარი თანხით დაფინანსება აღარ შეუძლიათ. ამ სერვისების მისაღებად მათ ერთჯერადად უნდა დატოვონ საყოველთაო ჯანდაცვა და მთელი სერვისის ღირებულება მთლიანად გადაიხადონ. ექსპერტების თქმით, ადამიანებს დამატებითი სერვისებით სარგებლობა საყოველთაო ჯანდაცვიდან გასვლის გარეშე შეეძლებოდათ იმ შემთხვევაში, თუ მათ დაშენებული პაკეტების შეძენის უფლება ექნებოდათ: ასეთ პირობებში დამატებით სერვისებს მათ კერძო სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებდათ.

„დაშენებული“ პაკეტების შემოღების საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა რამდენიმე დღის წინ, როცა სამინისტრომ თანაგადახდის ლიმიტებზე „ჭერი“ დაადგინა, რათა პაციენტებს, მათი ლიმიტის ფარგლებში, დიდი თანხების გადახდა არ უწევდეთ. ექსპერტები კი ამბობენ, რომ „დაშენებული“ პაკეტების არსებობის პირობებში, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რადგან ლიმიტის გადახდა კერძო კომპანიებს მოუწევდათ.

ჯანდაცვის ექსპერტის თენგიზ ვერულავას განცხადებით. სახელმწიფომ კერძო დაზღვევა უნდა გამოიყენოს როგორც ერთერთი ფორმა მოსახლეობის მხრიდან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

„საფრანგეთის მოსახლეობის 100% სოციალური დაზღვევითაა დაზღვეული, მაგრამ სხვა სერვისებზე, რომლებიც არ შედის დაზღვევაში, ან თანაგადახდებზე შემავსებელი პაკეტი მოქმედებს. ამიტომ ამ 100%-დან 85% კერძო დაზღვევითაა დაზღვეული. ასეთი მიდგომა აძლიერებს დაზღვევის სექტორსაც და ხელმისაწვდომობასაც აუმჯობესებს,“ – აცხადებს ვერულავა.

ექსპერტებისა და სადაზღვევო კომპანიების ინიციატივის განხილვის მზაობა ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს არ გამოუთქვამს.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …