საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.
მისი განმარტებით, თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით.
„ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებეზე გავლენა არ მოუხდენია. თურქეთში ფარმაცევტული კურსის დაკორექტირებით არ დაიკარგება ის ეფექტი, რაც საქართველოში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მივიღეთ. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში, თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში, არ დაიკარგება.
თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს”- განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ფასები 60% − 80%-მდე შემცირდა.
წელს, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მედიკამენტებში ძველი ფასებით 79 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 26 მილიონი ლარი გადაიხადა. დანაზოგი დაახლოებით 53 მილიონი ლარია.
შეგახსენებთ: თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის პირველმა პირმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. ეს დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა. ამ დადგენილებით მოგების ის მაქსიმალური მარჟაა განსაზღვრული, რომლებიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს შეუძლია კონკრეტული ღირებულების წამლისთვის დააწესოს.
სააფთიაქო ქსელის „იმპექსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, რომ ბრძანება თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე დადებითად არ აისახება და ამ ვითარებაში პროდუქცია 20%-ით მაინც გაძვირდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების წილი მხოლოდ 3%-ია, ეფექტი საგანგაშო არ იქნება.