სადაზღვევო სექტორსა და სახელმწიფოს შორის სასწრაფო დახმარების ტარიფთან დაკავშირებით უთანხმოება მწიფდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დღეს დაადასტურა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებს სასწრაფო დახმარების გარკვეულ სერვისებზე ტარიფების დაწესება შესთავაზეს, რაზეც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სადაზღვევო სექტორისთვის კი რაიმე დამატებითი ტარიფის დაწესება მიუღებელია.
„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“ , – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მოქმედმა18-მა სადაზღვევო კომპანიამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან ახალი ტარიფის დაწესების შესახებ წერილი მიიღო, „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
კერძოდ, „ტვ პირველის“ ცნობით, ცენტრი კომპანიებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურებას სთავაზობს. წერილში, რომელიც ბიზნესს დაეგზავნა, მითითებულია ფასები, რისი გადახდაც სადაზღვევო კომპანიებს ცენტრისთვის მოუწევთ, თუ 112-ის შეთავაზებას მიიღებენ. BM.ge წერილის შინაარსს ავრცელებს:
“ცენტრი გთავაზობთ მომსახურების გაწევას წინამდებარე წერილით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ და გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენი ან თქვენი დაზღვეულების მოთხოვნის საფუძველზე გაგიწიოთ მომსახურება. მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების/სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 25 კმ-ის (25 კმ-ის ჩათვლით) მანძილზე – 60 (სამოცი) ლარით;
2. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების/სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 25 კმ-ზე მეტ მანძილზე – ყოველ ერთ კილომეტრზე 2.50 (ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით;
3. კილომეტრაჟი აითვლება მომსახურების განხორციელების საწყისი წერტილიდან მომსახურების დასრულების წერტილამდე;
4. ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის, დაყოვნების (ლოდინის) საფასური ფიზიკური/იურიდიული პირისთვის განისაზღვროს შემდეგნაირად: 4.1. პაციენტის ტრანსპორტირებისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი – 100 (ასი) ლარი. დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების მეორე საათიდან; 4.2. სპორტულ, კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებაზე დასწრებისას, ასევე სხვა ნებისმიერი შემთხვევისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი – 100 (ასი ) ლარი. დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების პირველივე საათიდან. სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) საფასური მოიცავს საჭიროების შემთხვევაში იმავე რაიონში განხორციელებული ტრანსპორტირების საფასურსაც;
5. ცენტრის რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად:
5.1. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 35 კმ-ის (35 კმ-ის ჩათვლით) მანძილზე – 100 (ასი) ლარი;
5.2. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 35-კმ-ზე მეტ მანძილზე – ყოველ დამატებით განვლილ 1 (ერთი) კილომეტრზე, საწყის საფასურს (100 ლარს) დამატებული 2.80 (ორი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი;
5.3. რეანიმობილით მომსახურების მანძილის ათვლა დაიწყოს რეანიმობილით მომსახურების განხორციელების საწყისი წერტილიდან მომსახურების დასრულების წერტილამდე, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით;
5.4. ცენტრის რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) საფასური ფიზიკური/იურიდიული პირისთვის განისაზღვროს შემდეგნაირად: 5.4.1. პაციენტის ტრანსპორტირებისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი. რეანიმობილით სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების მეორე საათიდან; 5.4.2. სპორტულ, კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებაზე დასწრებისას, ასევე სხვა ნებისმიერი შემთხვევისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი – 150 (ასორმოცდაათი) ლარი. რეანიმობილით დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების პირველივე საათიდან. რეანიმობილით დაყოვნების (ლოდინის) საფასური მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში იმავე რაიონში განხორციელებული ტრანსპორტირების საფასურს. სხვა რაიონში ტრანსპორტირების განხორციელების საჭიროებისას, რეანიმობილის დაყოვნების (ლოდინის) საფასურს ემატება პაციენტის ტრანსპორტირების საფასური, კილომეტრაჟის გათვალისწინებით.
6. ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით/რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ჯამური საფასურის განსაზღვრის მიზნებისთვის მოქმედებს დაანგარიშების შემდეგი წესი: ერთ საათზე ნაკლები დაყოვნების (ლოდინის) პერიოდი მრგვალდება ერთ საათამდე; ერთი საათის შემდეგ, ყოველ ნახევარ საათზე ნაკლები დაყოვნების (ლოდინის) პერიოდი მრგვალდება ნახევარ საათამდე, ხოლო ნახევარ საათზე მეტი დაყოვნების(ლოდინის) პერიოდი მრგვალდება სრულ საათამდე; სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ნახევარი საათის საფასური განისაზღვრება სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათისათვის დადგენილი შესაბამისი საფასურის 50%-ით. მითითებული პირობები ვრცელდება ცენტრის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გასაწევი მომსახურებების მიმართ. ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას თქვენი ან თქვენი დაზღვეულის ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გაგიწიოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება”, – ნათქვამია წერილში.
სადაზღვევო სექტორში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება დაზღვევის გაძვირებას გამოიწვევს, მათ შორის, შესაძლოა – მოქმედ ხელშეკრულებებშც.
საქართველოს დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივნის თქმით, კარგი იქნებოდა, ეს წესი მოულოდნელად არ შეცვლილიყო. მისი პროგნოზით, მოსახლეობის ეკეონომიკური მდგომარეობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდის პერიოდი სადაზღვევო სექტორმა მძიმედ გადაიტანა, დამატებითი ტვირთის აღება წარმოქმნის რისკებს, რომ დაზღვეულთა რაოდენობა შემცირდეს, რაც საყოველთაო ჯანდაცვას კიდევ უფრო მძიმედ დააწვება. ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფომ ამ მიმართულებით სტრატეგია უნდა შეიმუშავოს.