მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „სასწრაფო დახმარების“ დრონი – ქართველმა ინჟინრებმა უნიკალური აპარატი შექმნეს

„სასწრაფო დახმარების“ დრონი – ქართველმა ინჟინრებმა უნიკალური აპარატი შექმნეს

ქართველმა ინჟინრებმა იშვიათი სპეციფიკაციის დრონები შექმნეს, რომელთა გამოყენებაც, სპეციფიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა, მათ შორის ექსტრემალურ სიტუაციებში და ჯანდაცვის საჭიროებებისთვისაა შესაძლებელი.

კომპანია Missiya-ს წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია,  სახანძრო,  სამაშველო,  ჯანდაცვა,  სამეურნეო სფერო, მონიტორინგი. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ნოდარ ხიდიშელმა jandacva.ge-ს განუცხადა, აპარატები გამოირჩევა არაერთი უნიკალური მახასიათებლით: აღჭურვილია 4G/LTE სისტემით, რაც უზრუნველყოფს აპარატის მოქმედებაში მოყვანას სხვა ქვეყნიდანაც კი;  Missiya -ს დრონებს უნიკალურს ხდის ასევე ფრენის ხანგრძლივობა – 45 წუთი და ტვირთამწეობა – 5 კილოგრამი (მისი საკუთარი წონის გარდა). მათ შეუძლიათ 90 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 3500 მეტრ სიმაღლეზე ფრენა. უნიკალური ძრავების დახმარებით აპარატი  მიწიდან 130 მეტრში სრულიად შეუმჩნეველი ხდება. დრონი აღჭურვილია თერმული კამერით, რომელიც სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება, აქვს ხმოვანი მოწყობილობაც.

„დრონებისთვისთვის საჭირო ნაწილები უცხოეთიდანაა შემოტანილი, ხოლო თავად დრონი საქართველოშია კონსტრუირებული. საქართველოში დრონებს ბევრი ყიდის, მაგრამ ესაა იმპორტირებული დრონები, ჩვენი პროდუქცია კი ჩვენს მიერ, კონკრეტული სპეციფიკაციებითაა ნაწარმოები, რომელიც გარკვეული ფუნქციის შესრულების საშუალებას იძლევა,“ – აღნიშნა ხიდიშელმა. მისი თქმით, დასახელებული მახასიათებლების დრონების გამოყენება შესაძლებელია მაგალითად ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ადამიანი კლდეზეა დაკიდებული ან თოვლშია ჩარჩენილი და ვიდრე მაშველები მიაღწევენ, დრონის საშუალებით შესაძლებელია მისთვის მედიკამენტებისა და საკვების მიწოდება. ასევე, როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა, 5 კილოგრამის ტვირთამწეობის მქონე დრონს (ამ წონაში თავად დრონის წონა არ შედის) შეუძლია მისთვის მაშველი რგოლის მიწოდება,“ – აღნიშნა ხიდიშელმა.

მისი თქმით, დრონების გამოყენება შესაძლებელია მაგალი პანდემიის დროს, როცა გადაადგილება შეზღუდულია, მაგალითად საკვებისა და მედიკამენტების ტრანსპორტირებისთვის, თუმცა ამბობს იმასაც, რომ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე – ელექტროსადენებისა და მაღალსართულიანი კორპუსების გათვალისწინებით, ეს მხოლოდ შეზღუდულად შეიძლება მოხდეს – მაგალითად კერძო, არაინტენსიურ დასახლებებში.

„არის სპეციალური ყუთი, რომლითაც დრონს მედიკამენტები, საკვები და წყალი გადააქვს. დანიშნულების ადგილზე მისვლისას ყუთს ძირი ეხსნება და პროდუქცია ქვემოთ ვარდება. ასეთი მახასიათებლების დრონს ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს,“ – განაცხადა ნოდარ ხიდიშელმა.

კომპანიაში დრონის ღირებულებას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ სპეციფიკაციების დრონებისთვის ფასი კონკურენტულია. რაც შეეხება გეგმებს, მთავარ ამოცანად ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას ასახელებენ, ინგლისის შემდეგ კი, სადაც პროდუქციით პოლიცია დაინტერესდა, რეალიზაციას ამერიკულ ბაზარზე გეგმავენ.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …