ქვეყანაში უნდა არსებობდეს ჯანდაცვის დაფინანსებული სერვისების შეთანხმებული პაკეტი, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან, ნაწილობრივ კი – კერძო ინიციატივით. ესაა გზა, რომ ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და არა უბრალოდ სამედიცინო სერვისების კრებული, რომელიც ამა თუ იმ არხით ფინანსდება.
ამის შესახებ განცხადება დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.
„საშუალო პოლისი რომ აიღო, ზუსტად ისეა აგებული, როგორც საშუალო ადამიანი ფიქრობს. ის კი არ ფიქრობს, რომ ჰოსპიტალში მოხვედრის მაღალი რისკი აქვს, არამედ ფიქრობს, რა აქვს მომავალ წელს დასაფინანსებელი – წამალი, ამბულატორიული სერვისები, კბილიც კი. ჰოსპიტალზე კი, „რაც დარჩება, ის იყოს“. ესაა პრობლემური მიდგომა, რადგან საშუალო პოლისში ჰოსპიტალზე ხშირად არაა საკმარისი ლიმიტები. უნდა მოხდეს შეთანხმება, რომელიც რეგულატორულად იქნება მოთხოვნილი,“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა, თუმცა ამასთავანე დასძინა, რომ ამ საკითხის აქტიური განხილვები არსად არ მიმდინარეობს იმის მიუხედავად, რომ ამ თემაზე საუბრები უკვე წლებია გრძელდება.
დევი ხეჩინაშვილის თქმით, სადაზღვევო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით ქვეყანაში წამყვანი არის არა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, არამედ ჯანდაცვის სამინისტრო და პარლამენტი. ასევე ექიმები და ექიმთა ასოციაციები, რიმლებიც უნდა დაეხმარონ საზოგადოებას იმის განსაზღვრაში, რა უნდა შედიოდეს ასეთ პაკეტში.
შეგახსენებთ, რომ სტანდარტიზებული სადაზღვევო პაკეტის შექმნის მოთხოვნით დაზღვევის სპეციალისტები, ექიმები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ასევე პაციენტების ორგანიზაციები გამოდიან. მათი თქმით, აუცილებელია, ასეთ პაკეტში გათვალისწინებული საბაზისო, სტანდარტიზებული სერვისები და სადაზღვევო კომპანიებს ამაზე უარესი პაკეტის გაყიდვა აეკრძალოთ, რათა მოსახლეობის ჯანდაცვითი რისკები მაქსიმალურად იყოს დაცული.