მთავრობა მედიკამენტების გაიაფების მომდევნო ტალღას აანონსებს. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა შესაბამისი სტრატეგიის შესახებ 11 მაისს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში ისაუბრა. თურქული, იაფი მედიკამენტების შემოტანის შემდეგ სახელმწიფო წამლების გაიაფებას ე.წ. რეფერენტული ფასის შემოღებით აპირებს.
როგორც გამოცემა bm.ge წერს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დააწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დადგინდება.
საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი გიორგი გოცაძე ამბობს, რომ რეფერენტული ფასის დაწესების ბევრი მოდელი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომელს აარჩევს ხელისუფლება: საინტერესოა, რომელ ქვეყნებს შეედრება საქართველო, რადგანაც რეფერენტული ფასის დაწესება სწორედ სხვა ქვეყნებში არსებული ფასების შესწავლას გულისხმობს.
“რეფერენტულ ფასს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს და ასევე იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აზერბაიჯანი, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები.
აქ ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი: რომელი იქნება ის ქვეყნები, რომლებსაც გინდა შეადარო ფასი, როგორია გამოთვლის მეთოდი – მედიანური თუ საშუალო ფასი უნდა იყოს აღებული? ასევე მნიშვენლოვანია, რამდენ ხანში ერთხელ მოხდება მისი ხელახლა გადათვლა? კიდევ ერთი დეტალი: რეფერენტული ფასის დაწესება ყველა მედიკამენტზე არ ხდება, უნდა შეირჩეს კონკრეტული ჯგუფი, რომლებზეც დადგინდება მსგავსი ფასები. ალბათ უფრო სწორი იქნება, შეირჩეს ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტები და მათზე დაწესდეს რეფერენტული ფასი”, – აცხადებს გიორგი გოცაძე.
“ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილიც მიჩნევს, რომ რეფორმა ძალიან საფრთხილოა და აუცილებლად დაინტერესებულ მხარეებთან უნდა დაიგეგმოს, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი რისკები, როგორებიცაა მედიკამენტების დეფიციტი.
“თუ სწორად არ შეირჩა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ჩვენი ფასები უნდა შევადაროთ, შეიძლება ფასების ფიქსირება მოხდეს არასწორად და ამან გამოიწვიოს გარკვეული მედიკამენტების მოწოდების შეფერხება. ამის მაგალითები გვაქვს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში”, – ამბობს ირაკლი მარგველაშვილი და აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლების მიერ დაწესებული ფასები კომპანიებისთვის არახელსაყრელი იქნება, ისინი ამ მედიკამენტების შემოტანაზე უბრალოდ უარს იტყვიან.
ამ რისკზე ფონდი “კურაციოს” პრეზიდენტიც საუბრობს. გიორგი გოცაძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა შეექმნა ყაზახეთს, როცა რეფერენტული ფასი (ზედა ზღვარი) ეროვნულ ვალუტაში დააფიქსირეს, ტენგეს დევალვაციის დროს კი წამლის ღირებულება არაადეკვატურად შემცირდა, რის გამოც კომპანიები დაზარალდნენ.
“თავად მეთოდს (რეფერენტული ფასის დადგენას) რისკი არ აქვს, რისკი აქვს მის განხორციელებას: თუ კატასტროფულად დიდ ბიუროკრატიულ ბარიერებს შევუქმნით და არაადეკვატური მეთოდით გამოვითვლით ფასს, საინვესტიციო გარემოს დაზიანების რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს.
ასეთი რისკი შეექმნა ყაზახეთს, როცა, ერთი მხრივ, დიდი ბარიერები დააწესეს, მეორე მხრივ, კი არარეალურად დაბალი ფასი დაადგინეს. მაგალითად, იქ ეროვნულ ვალუტაშია ფასები დადგენილი, ვალუტის დევალვაციის გამო კი, ფასი იმდენად იცვლება, რომ აღარ უღირთ კომპანიებს ამ ბაზარზე შესვლა და კონკრეტული მედიკამენტების გაყიდვა”, – აცხადებს გიორგი გოცაძე.
როდის შემოიღებს ქვეყანა რეფერენტულ ფასს წამლებზე და რომელ მედიკამენტებზე გავრცელდება ის, დეტალები ცნობილი არ არის. სექტორი კონკრეტიკას ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება. Bm.ge