საქართველოში მოქმედი კლინიკების მხრიდან სერვისების გაციფრულებაზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა სასურველი იქნებოდა, მოთხოვნა უფრო დიდი იყოს და სამედიცინო დაწესებულებები მეტ ტექნოლოგიურ სიახლეს ნერგავდნენ. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჰოსპიტლის მართვის სისტემა ,,Medsoft”-ის ერთერთმა დამფუძნებელმა არჩილ კაპანაძემ განაცხადა.
არჩილ კაპანაძის თქმით, მათი მომსახურებით ამ ეტაპზე 50-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება სარგებლობს (მათ შორის რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაა) – ჰოსპიტლები, ამბულატორიები, სტომატოლოგიური კლინიკები და ლაბორატორიები.
მისი განცხადებით, ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების კუთხით, ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, დიდი კომპანიები აქტიურობენ.
არჩილ კაპანაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი: ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, განვითარება. უმნიშვნელოვანესია ელექტრონული ჯანდაცვის განვითარება და სტანდარტიზაცია.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტით, კლინიკის შემოსავლების 3% უნდა დახარჯოს ტექნოლოგიურ განვითარებაზე. ესაა გრძელვადიანი ხედვა. საქართველოში კი კლინიკები ცდილობენ, 3-5-თვიან სტრატეგიებში ჩაჯდნენ. ისინი თანხების დაზოგვის მიზნით ირჩევენ შემჭიდროებულ, მცირე მოდულებს, რომლებიც დაუზოგავს თანამშრომლების შრომას და გაუმარტივებთ გარკვეულ პროცედურებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მიდგომის გამო შემდეგ გარკვეული საჭიროებებისთვის მუშახელის დამატება უწევთ,“ – აღნიშნავს არჩილ კაპანაძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ბაზარზე ჰოსპიტლებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს სერვისების გაციფრულებას 5-7 კომპანია სთავაზობს, Medsoft-ი კი ამ ბაზარზე ერთერთი პირველია.
MEDWORK – ის შექმნა დაიწყო 2009 წელს, როდესაც პროგრამისტების ჯგუფმა ექიმებთან ერთად შექმნა ამბულატორიისთვის საჭირო პროგრამა – რეგისტრატურის მოდული, გადახდები, დავალიანებები.
2018 წელს MEDSOFT გახდა შვეიცარული კომპანია ️CLINERION-ის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში. CLINERION არის ლიდერი კომპანია სამედიცინო ინფორმატიკის დარგში. მისი საშუალებით MEDSOFT-ის მომხმარებელი კლინიკებს აქვთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ კლინიკური კვლევების საერთაშორისო ქსელს.
კომპანია ახორციელებს პროექტს “ციფრული ჰოსპიტალი 360”, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის სრულად ციფრულად მართვას.
სამედიცინო დაწესებულებებს შეუძლიათ შემდეგი სერვისებით ისარგებლონ:
პერსონალის მართვის მოდული, ფინანსური მოდული, აფთიაქი/საწყობი, ელექტრონული სამედიცინო ისტორია, ლაბორატორიის მოდული, კლინიკის მართვა, ჩაწერის სია, ქოლ-ცენტრის მოდული, დოკუმენტაციის მართვის მოდული.
jandacva.ge