მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი არ ხდება
საქართველოში არ არის სახელმწიფო ლაბორატორია, შესაბამისად მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მუდმივად არ ხდება. ან თუ ხდება, შერჩევითად.

საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი არ ხდება

მედიკამენტების ხარისხის კონტროლსა და ფასებზე “საქართველოს ახალი თაობის ფარმაცევტთა ასოციაციის” პრეზიდენტის დავით პეტრიაშვილის თქმით, დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია არც ისე მაღალია, დაბალი კონკურენციის ფონზე კი ფასები მედიკამენტებზე არის ძალიან მაღალი. ამას კი სახელმწიფო არ აკონტროლებს.

“არის ევროპული ქვეყნები, სადაც სახელმწიფოს აქვს აღებული ეს ვალდებულება. ჩვენთან სამწუხაროდ არავითარი ზღვარი არ არსებობს, ფარმაცევტული კომპანიები თავის ნებაზე არიან მიშვებულები და ძალიან დიდ მოგებაზე მუშაობენ.კონკრეტული ციფრის თქმა გამიჭირდება, თუმცა ცნობილია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში 200-300 პროცენტიან მარჟას უტოლდება მოგება.

ამასთან, საქართველოში არ არის სახელმწიფო ლაბორატორია, შესაბამისად მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მუდმივად არ ხდება. ან თუ ხდება, შერჩევითად. შეიძლება წამლის სააგენტომ შერჩევის პრინციპით ერთი ან რამდენიმე კონკრეტული წამალი შეამოწმოს.

ძალიან მარტივად შემოდის წამალი და იყიდება ჩვენს ბაზარზე. წესით წამლის შემოწმება ყოველ სერიაზე უნდა ხდებოდეს, ჩვენთან შეიძლება წელიწადში ერთხელ შეამოწმონ”, – აცხადებს დავით პეტრიაშვილი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ გარკვეული საფრთხის ქვეშ არის მედიკამენტის პოტენციური შემძენი? როდესაც არ ხდება მედიკამენტების სახელმწიფო კონტროლი, რომელთა იმპორტიც მოხდა მაგალითად გემით, – ხომ არ დაემართა წამალს გზაში რაიმე, ხომ უნდა ვიცოდეთ ?

არსებობს ერთგვარი ნდობის ქვეყნები, რომლებსაც შესაბამისი GMP სტანდარტი გააჩნია და მათ მიერ ნაწარმოებ წამლებს აღარ ამოწმებს არავინ. წარმოების, დისტრიბუციის და დასაწყობების სტანდარტები არსებობს და ამას უნდა ექცეოდეს დიდი ყურადღება.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ არსებობს სახელმწიფო კონტროლი ამ სფეროზე, ნების თუ ფინანსური რესურსის არქონის გამო ?

ამასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან, თქვეს კიდეც, რომ გაკეთდებოდა სახელმწიფო ლაბორატორია, მაგრამ ჯერ ეს საქმე არ დაძრულა. მედიკამენტების რეცეპტით გაცემის რეგულაციას რაც შეეხება, ვფიქრობ, გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აფთიაქები, განსაკუთრებით კი კერძო აფთიაქები არ გასცემენ მაგალითად ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ.

უკვე არ არის საიდუმლო, რომ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აფთიაქები ასეთ ქმედებაში შემჩნეულები არიან. თუ ეს ვიცი მე, იციან ექიმებმა და მოსახლეობამ, რატომ არ იცის შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანომ ?!

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …