საქართველოს მოსახლეობაში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა პროცენტული წილი მცირედით გაიზარდა – თუ 2019 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 16%, ხოლო 2018-ში 15% იყო, 2020 წელს ის 17%-მდეა გაზრდილი. სტატისტიკურ მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, 2019 წელს კერძო დაზღვევა 602 833 მოქალაქეს ჰქონდა, 2020 წელს კი 620 408-ს.
სამედიცინო დაზღვევის ნაწილში კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2020 წელს – 267.56 მლნ. ლარი შეადგინა, 2019-ში ეს მაჩვენებელი 234.05 მლნ. ლარი იყო. ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგია“ 28%-ით, რომელსაც მოსდევს „იმედი ელი“ 23%-ით, შემდეგ მოდის „არდი“ მოზიდული პრემიების 15%-იანი წილით. „პსპ“-ს 7% აქვს, ხოლო „ირაოს“ 6%. გასულ წელს ბაზრის ლიდერი ამ სეგმენტში „იმედი ელი“ იყო.