ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ერთ წელიწადში დაახლოებით 130 ლარით, 1200-დან 1330 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას, რომელიც მეორე კვარტლის მონაცემს ასახავს და წინა წლის იგივე კვარტალთანაა შედარებული, საქსტატი ავრცელებს.
19 ეკონომიკურ საქმიანობას შორის აღნიშნული სფერო საშუალო ხელფასის სიდიდით მე-13 ადგილზეა. მასზე დაბალი ხელფასები განათლების სფეროში ფიქსირდება.
შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 13.4 პროცენტით); მშენებლობა – 2 177.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.5 პროცენტით).
ზოგადად კი, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213.3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა.