მთავარი » კვირის ინტერვიუ » საქართველოში გვამური დონაციის და გულის გადანერგვის ოპერაციების დაწყება იგეგმება

საქართველოში გვამური დონაციის და გულის გადანერგვის ოპერაციების დაწყება იგეგმება

ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის 25 მაისს საქართველოსა და თურქეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა.  ოთხმხრივი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა. პროექტი TIKA-ს დაფინანსებით ხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ქვეყანაში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„პროექტის მიზანი ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე საინჟინრო უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, მოხდება ქართველი სპეციალისტების გადამზადება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტრანსპლანტაციის ეროვნული საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. კონკრეტულად რას ითვალისწინებს მემორანდუმი და როგორია საქართველოში ტრანსპლანტაციის პრაქტიკა, ამ თემებზე jandacva.ge საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს გია თომაძეს ესაუბრა.

–      ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების მიზანი სპეციალისტების დატრენინგება და ტექნიკური დახმარებაა. რა არის მთავარი სიახლე და რაც მთავარია, რას შეცვლის ეს მემორანდუმი ქართველი პაციენტებისთვის?

–      მემორანდუმის მიზანია ტრანსპლანტალოგიის განვითარება და მათ შორის გვამური დონაციის დაწყება, რომლის პრაქტიკაც საქართველოში არ გვაქვს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრანსპლანტაცია არასაკმარისი რაოდენობით ხორციელდება. გვამური დონაცია – ესაა გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გამოყენება მათი შემდგომი გადანერგვის მიზნით. გვამური დონაციის დაწყებას სპეციალური ინფრასტრუქტურა და ლაბორატორია სჭირდება, სადაც ჩატარდება პაციენტთა სკრინინგი იმუნოლოგიურ პარამეტრებზე, რათა ვიცოდეთ, როგორ შეითვისებს ორგანიზმი ახალ ორგანოს და რა რისკები არსებობს ამ კუთხით

–      რატომ არ ხდება საქართველოში დღემდე გვამური დონაცია, სადაა პრობლემა?

–      პრობლემა ისაა, რომ დღემდე ამის პოლიტიკური სურვილი ნაკლები იყო.  მიზეზი კი ის იყო, რომ ეს საკითხი პრიორიტეტულად არ მიიჩნეოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ახლანდელმა ხელმძღვანელობამ კეთილი ნება გამოიჩინა და საკითხი დაიძრა.

–      ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, კანონმდებლობის შეცვლა –  რა არის საჭირო გვამური დონაციის დასაწყებად?

–      კანონმდებლობა ისეთი გვაქვს, რომ მისი თავიდან დაწერა საჭირო არ არის, რადგან ის არ ეწინააღმდეგება გვამურ დონაციას. შესაძლოა, გარკვეული საკითხები დაზუსტდეს. მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდი ჩართულობა. მსოფლიო ტრანსპლანტალოგებს ასეთი დევიზი აქვთ: „ნუ წაიღებ ორგანოებს საიქიოში, რადგან საიქიომ იცის, რომ ისინი აქ გვჭირდება.“ პირველი, რაც მნიშვნელოვანია – გაცნობიერებული უნდა იყოს ტვინის სიკვდილის დიაგნოზის ფენომენი. ესაა ადამიანის სიკვდილი, მდგომარეობა, რომელიც შეუქცევადია. უნდა აეხსნას ექიმებსაც და საზოგადოებასაც, როგორ ხდება ამ დიაგნოზის დასმა და ეს კრიტერიუმები უკვე დამტკიცებულია. ესაა ტვინის ფუნქციის სრული და შეუქცევადი შეწყვეტა, რაც ინსტრუმენტულად, სპეციალური აპარატურის საშუალებით დასტურდება. ამ დროს გულისცემა შენარჩუნებულია, რადგან სუნქთვის პროცესი ხელოვნურად, აპარატის დახმარებით ხორციელდება. თუმცა უკვე არის ქვეყნები, სადაც გარკვეული ორგანოების გადანერგვა  გულის გაჩერების შემდეგაც ხდება.

–      დონაციაზე ახლობლის თანხმობის საჭიროება პაციენტის ტვინის სიკვდილის მომენტში დგება?

–      დიახ. ექიმები ბოლო წუთამდე უნდა ცდილობდნენ პაციენტის გადარჩენას, ხოლო როდესაც უკვე დგება ტვინის სიკვდილი, მის ახლობელს ეცნობება, რომ არის საშუალება, გარდაცვლილის ორგანოებმა 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

თუ გარდაცვლილს სიცოცხლეში აქვს დაფიქსირებული მისი ორგანოების დონაციის მიზნით გამოყენების სურვილი, ასეთ შემთხვევაშიც საბოლოო სიტყვა მაინც მის ახლობელზეა და თუ ახლობელმა უარი თქვა, გადანერგვა ვერ მოხდება.

–      საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი ამის საშუალება იქნება, მათი ორგანოები დონაციის მიზნით იქნეს გამოყენებული. თუ ჩვენს ქვეყანაში გვამური დონაციის პრაქტიკა არ არის, რა მიზანი აქვს ასეთ ინიციატივას?

–      დიახ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც დონორთა ბარათები აქვთ  ანუ დაფიქსირებული აქვთ შესაბამის გარემოებაში საკუთარი ორგანოების სხვა ადამიანებისთვის გადანერგვის სურვილი. ამ სურვილის დაფიქსირება შესაძლოა ონლაინ http://transplantation.ge/ ან ჩვენს ასოციაციაში გამოცხადების გზით. ესენი არიან, ჩემი აზრით, საღად მოაზროვნე ადამიანები. თუმცა ამას პრაქტიკული შედეგი ჯერ არ აქვს. ამას ნაწილობრივ ისიც განაპირობებს, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ორგანოთა გაცვლის სისტემაში გაერთიანებული ქვეყანა. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ სისტემის პრინციპის თანახმად, ხდება ორგანოების გაცვლა, რის შესაძლებლობასაც, გვამური დონაციის არარსებობის გამო, მოკლებული ვართ.

–      საქართველოში ხდება თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვა. როგორც ცნობილია, დონორები პაციენტის ახლობლები არიან. რამდენი ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში, რამდენად წარმატებულად და გვამური დონაციის არსებობის შემთხვევაში, რამდენად ბევრი ჩატარდებოდა?

–      სულ საქართველოში 2020 წლის ჩათვლით თირკმლის 355 და ღვიძლის 75 გადანერგვაა ჩატარებული. მათგან გასულ წელს თირკმლის 17 და ღვიძლის 10 გადანერგვა განხორციელდა. თუმცა
ეს არასაკმარისი რაოდენობაა, საქართველოს მოსახლეობისთვის 200-მდე ოპერაციის გაკეთება. როგორც აღვნიშნეთ, ასეთი ქირურგიული ჩარევა ჩვენთან ცოცხალი დონორის საშუალებით ხდება, უცხოეთის პრაქტიკის მიხედვით კი ორგანოების გადანერგვის ოპერაციების მხოლოდ 40% მოდის ცოცხალ დონორზე, დანარჩენი კი გვამური დონაციაა. ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებსაც ორგანოს გადანერგვის ოპერაცია 20 წლის წინ ჩაუტარდათ. ასეთი ოპერაციის მთავარი პრობლემა და საფრთხე ისაა, რომ გადანერგვის შემდეგ ორგანიზმი ცდილობს, მოიცილოს ახალი ორგანო. ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს. ასევე გვყავს კარდიოქირურგები, რომელთაც მცირე გადამზადება სჭირდებათ, რათა მათ გულის გადანერგვის ოპერაციები ჩაატარონ. დღეს ასეთი ოპერაციები  ისევ და ისევ გვამური დონაციის არარსებობის გამო ვერ ტარდება, რადგან, ბუნებრივია, გულის დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანი.  გულის გადანერგვის პრაქტიკის დანერგვის შემთხვევაში ეს ოპერაცია ფინანსურადაც ხელმისაწვდომი იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა მსგავსი ქირურგიული ჩარევისთვის იძულებულნი არიან უცხოეთში, მათ შორის ბელორუსში წავიდნენ, სადაც ოპერაციისა და მკურნალობის თანხები ასიათასობით დოლარამდე ადის.

–      თურქულ მხარესთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რა ვადაში შეიძლება საქართველოში გვამური დონაცია დაიწყოს?

–      ვფიქრობ, ერთ წელიწადში ეს შესაძლებელი გახდება. მანამდე კი სამოქმედო გეგმა უნდა შეიქმნას, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …