გინეკოლოგი ნატალი ნანობაშვილი მედიკამენტების ხარისხთან და ფასებთან დაკავშირებით საუბარში აღნიშნავს, რომ მედიკამენტების ხარისხის პრობლემას საკუითარ პრაქტიკაში ნამდვილად შეხვედრია.
„ვერ გეტყვით რომ ეს ძალიან ხშირად და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ნამდვილად არსებობს. ცოტა ხნის წინაც მყავდა პაციენტი, რომლისთვისაც ვცდილობდი შემერჩია ერთი და იგივე ჯგუფის მუშა პრეპარატი, თან ფასზე მიხდებოდა ფიქრი. მოუხედავად იმისა, რომ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ფარმაკოლოგიური მოთამაშეა და ასე თუ ისე, კონკურენციაც არსებობს, შესაბამისი არჩევანი მედიკამენტებში და სათანადო ხარისხი, მაინც არ არის“, – ამბობს მედიკოსი
ნანობაშვილმა ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის საჭიროებაზც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ბრენდული მედიკამენტების ფასები საკმაოდ მაღალია, რაც ხშირად პაციენტებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა ხოლმე მკურნალობის პროცესში
„ქვეყანაში არ არსებობს ერთი სახელმწიფო დონის საერთაშორისო სტანდარტების წამლის ხარისხის ლაბორატორია. ძირითადად მიხდება დაზღვეულ კონტინგენტთან მუშაობა, რომელთათვისაც დაზღვევა მედიკამენტებზე გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს და მათთვის ეს პრობლემა გარკვეულწილად დაბალანსებულია და თანაგადახდის პროცენტი მინიმალურია. მაგრამ როდესაც დანიშნულებას ვუწერ დაზღვევის არმქონე პაციენტებს, რომლებმაც საკუთარი ხარჯით უნდა შეიძინონ მედიკამენტი, მიწევს ანგარიში გავუწიო მედიკამენტებზე არსებულ ფასებს.
პირველ რიგში, ვცდილობ შევარჩიო კარგი ხარისხის პრეპარატი, რაც საქართველოში, როგორც წესი, საკმაოდ ძვირია. სწორედ ეს არის ყველაზე სენსიტიური საკითხი, რასაც ადამიანურად ძალიან განვიცდით ექიმები პაციენტების წინაშე. როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, არც პაციენტს და არც ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, შეძლებს თუ არა კონკრეტული პირი კონკრეტული წამლის შეძენას“, – ამბობს ნატალი ნანობაშვილი.