მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოში ერთ პაციენტს საშუალოდ 3,6 მედიკამენტს უწერენ – თამარ გაბუნიას კომენტარი

საქართველოში ერთ პაციენტს საშუალოდ 3,6 მედიკამენტს უწერენ – თამარ გაბუნიას კომენტარი

ელექტრონული რეცეპტების სისტემის ანალიზის თანახმად, საქართველოში ერთ პაციენტს ერთ ჯერზე ექიმი საშუალოდ 3,6 მედიკამენტს უწერს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რამდენადაა შეცვლილი ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით, უცნობია, რადგან მანამდე რეცეპტების აღრიცხვის სისტემა არ არსებობდა. ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის განმარტებით, წინა წლებში ამ კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ რაიმე კვლევა ან სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა საფრთხეები არც ახლაა გამორიცხული: მაგალითად, ექიმს შეუძლია, პაციენტს დანიშნულება რეცეპტს მიღმაც მისცეს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, თამარ გაბუნიას შეფასებით, 3,6 მედიკამენტი – ეს რაციონალური მაჩვენებელია, თუმცა პოლიფარმაციის შემთხვევები ისევ არის.

„რაც შეეხება ელექტრონული რეცეპტის სისტემას, რომელიც პირველი აპრილიდან ამოქმედდა, მან ჩვენ საშუალება მოგვცა, დავაფიქსიროთ, რამდენად აქტუალურია კვლავაც პოლიპრაგმაზიის პრობლემა. დღევანდელ ვითარებაში დაახლოებით 3,6 მედიკამენტის გამოწერა ხდება საშუალოდ ერთ ადამიანზე. ეს რიგ შემთხვევაში რაციონალურად უნდა ჩაითვალოს, თუმცა მაინც არის შემთხვევები, როცა 5 და მეტი მედიკამენტი ენიშნება პაციენტს. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კლინიკური გაიდლაინების დანერგვის ხელშეწყობაზე, მიმდინარეობს ოჯახის ექიმების აქტიური ტრენინგი, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მართვის საკითხებში, რაც არის ის გზა, რაც სხვა ქვეყნებმაც გაიარეს იმისთვის, რომ პოლიპრაგმაზიის პრობლემა მოიხსნას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის განათლებაც და ამ მიმართულებითაც სამომავლოდ მეტად აქტიური ჩარევები იგეგმება,“ – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის:  1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც  ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით.

გამონაკლისის სახით,  სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა.

მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე. მაგალითისთვის მეორე ჯგუფის წამლებში შედის ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური საშუალებები და ა.შ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …