ახლო მომავალში ეროვნული ონკოლოგიური სტრატეგიის შემუშავებაზე დაიწყება მუშაობა. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომელზეც ონკოდაავადებების პრევენციასა და სკრინინგზე, ასევე კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიის საკითხები განიხილებოდა.
კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, რათა ადამიანები დროულად იყვნენ ინფორმირებული სიმსივნური დაავადებების შესახებ. ამის შედეგად კი მნიშვნელოვნად შემცირდება დანახარჯები სიმსივნით დაავადებულთა ჯანმრთელობის მკურნალობაზე.
„დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ყველა ქვეყანა მაქსიმალურად არის ჩართული, რათა ამ დაავადებების გამოვლინება პირველ სტადიაზევე მოხდეს, რადგან თუ დროულად მოხდება სიმსივნური დაავადების გამოვლენა, ეს იმას ნიშნავს, რომ კიბო იქნება დამარცხებადი“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი სიმსივნური დაავადების სკრინინგი, გამოვლენა არის ძალიან დაბალ დონეზე და სწორედ ამაზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრაზე. საკითხი დაისვა ასევე საქართველოს ეროვნული ონკოლოგიური სტრატეგიის შემუშავებაზეც, რაც შეხვედრის მონაწილეთა აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სტრატეგიაზე მუშაობა, ყველა სათანადო სტრუქტურასთან ერთად, მალე დაიწყება.
შეხვედრაში კომიტეტის წევრებთან და სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პროფესორი ონკოლოგი რემა ღვამიჩავა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.