ანალიტიკისა და შესაბამისი კონტროლის გზით შესაძლოა, იმ ექიმების სახელობით დადგენა, რომლებიც პაციენტებს საჭიროზე მეტ მედიკამენტს უწერენ. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა პაატა ზოიძემ ელექტრონული რეცეპტის ამოქმედების მოსალოდნელი შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ამ კუთხით ორი მანკიერი პრაქტიკაა: პირველი – პოლიპრაგმაზია, ანუ მედიკამენტების საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოწერა და არაეთიკური მარკეტინგი, რის გამოც პაციენტებს ასევე საჭიროზე მეტ პრეპარატს უწერენ.
სწორედ ამ სქემის ჩამოშლის მექანიზმია, ზოიძის თქმით, ელექტრონული რეცეპტის გამოწერის ვალდებულება, რომელიც საქართველოში პირველი აპრილიდან ამოქმედდა.
რაც შეეხება ჯენერიკულ რეცეპტს, ექსპერტის თქმით, მართალია, ექიმს შეუძლია არა რეცეპტში, არამედ ცალკე, ფურცელზე დაუწეროს პაციენტს მედიკამენტის სავაჭრო დასახელება, თუმცა მთავარია, რომ პროცესში ერთვება თავად პაციენტი, რომელსაც ფარმაცევტი სამ დაბალფასიან ალტერნატივას შესთავაზებს.
აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პოზიტიურ სიაში, რომელშიც ჩამნაცვლებელი მედიკამენტები შედის, 112 დასახელების ქართული წამალი მოხვდა. ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია ეს მედიკამენტები ჯიემპი სტანდარტის შესაბამისი იყოს და ყველა ჩამნაცვლებელ პრეპარატს ახლდეს სერტიფიკატი, რომ მას შეუძლია კონკრეტული წამლის ჩანაცვლება და შეიცავს სათანადო რაოდენობის აქტიურ ნივთიერებას.
აკაკი ზოიძე ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში არის წამლის ხარისხის შემოწმების პრობლემაც. ექსპერტს მიაჩნია, რომ წამლის ხარისხის სათანადო შემოწმებისთვის აუცილებელია, ბაზარზე არსებული პროდუქციის 5-10 პროცენტი მაინც მოწმდებოდეს, რადგან ბაზარზე დაშვების შემდეგ უნდა გაკონტროლდეს, რა ხარისხის მედიკამენტები შემოაქვთ კონკრეტულ მომწოდებლებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში წამლის ხარისხის კვლევაზე წელიწადში 150 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც, სპეციალისტების შეფასებით, არასაკმარისია.