საქართველოს კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18% სარგებლობს. სადაზღვევო ბაზრის 6 თვის სტატისტიკას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.
კერძოდ, ამ ეტაპზე ქვეყანაში 668,141 მოქმედი პოლისია, შარშან იგივე პერიოდში ეს რაოდენობა 635,876 იყო, რაც მოსახლეობის 17%-ს შეადგენდა, 2020 წლის იგივე პერიოდში კი 16%-ს. ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერი ისევ ჯიპიაი ჰოლდინგია, რომელზეც ბაზრის 29% მოდის, მეორე ადგილზეა „იმედი ელი“ 18%-ით, მესამეზე კი არდი 15 %-ით. „თიბისი დაზღვევა“ და „პსპ დაზღვევა“ 6-6%-იანი წილით არიან წარმოდგენილნი.
2022 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია სულ 231,3 მლნ. ლარი იყო.
2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2022 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 504,7 მილიონი ლარი შეადგინა.