საქართველოს კიბოს დაგვიანებული დიაგნოსტიკის სტატისტიკით ევროპის რეგიონში ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამის ერთერთი მიზეზი სკრინინგისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დროულად ჩაიტარონ ორივე პროცედურა ასაკის შესაბამისი პერიოდულობით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით,
საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო 5 ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ავთვისებიან დაავადებებს შორის შედის. 2021 წლის მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოს 281 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა და 151 ქალი გარდაიცვალა.
„ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინაღმდეგო ვაქცინაციის, კიბოს სკრინინგის, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობების მკურნალობის, საშვილოსნოს ყელის კიბოს კლინიკური მართვის გაუმჯობესებითა და ერთობლივი ძალისხმევით საშვილოსნოს ყელის კიბო 2030 წლისათვის შესაძლებელია სრულიად იქნას აღმოფხვრილი,“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა, ტარდება 25-60 წლამდე ქალებში 3 წელიწადში ერთხელ და მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაცია;
პაპ-ნაცხის აღება და მასალის ციტოლოგიური კვლევა (PAP–ტესტი) ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება:
კოლპოსკოპია და, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება;
ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა
რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოში აპვ ვაქცინაცია ტარდება 10-11-12 წლის გოგონებში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ის ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
სიახლეა ის, რომ ვაქცინაციის ასაკმა 26 წლამდე მოიმატა და
13-26 წლის გოგონებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჩაეტარებინათ ვაქცინაცია, დამატებითი ინტერვენციის სახით, 2023 წელს ეძლევათ შესაძლებლობა აიცრან.
15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია სამჯერადია, სქემით: 0-2-6 თვე.
ამცრელი დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.