მთავარი » დაზღვევა » საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები დღევანდელ მცირე ბიზნესსაც დაკარგავენ
სადაზღვევო სექტორი დაგროვებით საპენსიო ბაზარზე მთავრობის კონკურენციას აპროტესტებს- სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.

საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები დღევანდელ მცირე ბიზნესსაც დაკარგავენ

სადაზღვევო სექტორი დაგროვებით საპენსიო ბაზარზე მთავრობის კონკურენციას აპროტესტებს, – თემაზე „ბიზნესკონტრაქტთან“ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს.

– ბატონო დევი, ძირეულ ნაკლოვანებად რა მიგაჩნიათ და რა მიმართულებით მართებს კონცეფციაზე მომუშავე სტრუქტურებს მუშაობა? 

– სახელმწიფო საპენსიო დაგროვებაზე კანონი საქართველოში უკვე 15 წელზე მეტია არსებობს და სადაზღვევო კომპანიები ამას იმ წარმატებით, რასაც საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა, ახორციელებენ. 15 წლის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

მოქალაქეებს, რომლებიც აგროვებენ თავიანთი დანაზოგები არ დაუკარგავთ. რაც ამ მოდელს აკლდა, ეს იყო ფისკალური გამაგრება და იმ მექანიზმის შექმნა, რომელიც საპენსიო დაგროვებას შეუწყობდა ხელს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს უნდა დამატებოდა, თუმცა არ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა და მზაობა სექტორის მხრიდან იყო.

2005 წელს ნახევარი წლით ფისკალური პატარა მხარდაჭერა შევიდა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ის თანხები, რომელიც მიმართული იქნებოდა შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე საპენსიო დაგროვებისკენ, საშემოსავლო გადასახადი არ დაიბეგრებოდა. ამან რამდენიმე თვეში სერიოზული ზრდა გამოიწვია, მაგრამ შემდეგ ახალმა საგადასახადო კოდექსმა ეს მოშალა. ადამიანებმა და ბიზნესმა მაშინვე გააკეთეს რეაგირება, როგორც კი ფისკალური შეღავათი გაჩნდა.

– როგორც ზოგადი ფონიდან იკვეთება სადაზღვევო სექტორი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება… 

– არა მარტო თამაშგარე მდგომარეობაში, ფაქტიურად ეს იგივე კონტიგენტია, იგივე კანონია, ოღონდ ძალიან ძლიერი ფისკალური ხელშეწყობის და დაფინანსების ინსტრუმენტები ემატება. ეს არა სახელმწიფო დაგროვებითი პენსიაა, რომელიც ნებაყოფლობითია და სავალდებულოა მხოლოდ იმათთვის, ვინც თანადაფინანსებას მიმართავს, ანუ მთავრობისთვის და დამსაქმებლისთვის. თვითონ ბენეფიციარისთვის ისეთივე ნებაყოფლობითია, როგორც დღევანდელი.

-საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებს რა ზიანი მიადგება? 

-დღევანდელ მცირე ბიზნესსაც კი დაკარგავენ, რომელიც ამ სფეროში აქვთ.

-თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე მონოპოლისტი გამოჩნდება? 

-ეს ჩემი აზრი არ არის, ეს წერია იქ, რომ არის ერთი კვაზი სახელმწიფო ორგანიზება, რომელიც ამას მართავს და კაპიტალიზებული არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ვინც არის ბენეფიციარი კერძო სახელმწიფო სქემის, მის წინაშე სადაზღვევო კომპანია კაპიტალით, ზედამხედველობით და ყველაფრით პასუხს აგებს. არც ის წერია, რომ ამაზე ბიუჯეტი აგებს პასუხს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მონაწილეობის საშუალება ჩვენც გვქონდეს და ეს ჩაკეტილი არ იყოს.

საპენსიო რეფორმა ბოლომდე დამუშავებული არ არის, იქ ძალიან ბევრი ღია საკითხია, მათ შორის ერთ-ერთი საკითხია, თუ როგორ მონაწილეობს მასში დღევანდელი ბიზნესი და როგორ ჩაჯდება ის ამ სქემაში. ყველა იმ რეფორმას, რომელსაც შრომის ღირებულებაზე აქვს გავლენა, ერთიანად უნდა შევხედოთ, ერთიანად შევაფასოთ მისი ღირებულება და ამის ვთქვათ ამას ჩვენი ეკონომიკა აიტანს თუ არა.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …