მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » Sanofi Türkiye-ს ხელმძღვანელი: თურქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ჯანდაცვის სფეროს ჰაბი

Sanofi Türkiye-ს ხელმძღვანელი: თურქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ჯანდაცვის სფეროს ჰაბი

თურქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ჯანდაცვის სფეროს ჰაბი. ამის შესახებ ცნობილი ფრანგული ფარმაცევტული კომპანიის Sanofi-ს შვილობილი კომპანიის Sanofi Türkiye-ს ხელმძღვანელმა ჯემ ოზთიურქმა სააგენტო „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, Sanofi Türkiye საკუთარი პროდუქციის 20%-ს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აწვდის, მათ შორის იაპონიას, გერმანიას და საფრანგეთს. ოზთიურქის განცხადებით, თურქეთში წარმოებული ყოველი მეშვიდე პრეპარატი სწორედ Sanofi Türkiye-ზე მოდის.

Sanofi-ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქეთის ფარმაცევტულ დარგში. ჩვენ წარმოებაში მსხვილი ინვესტიციები ჩავდეთ,“ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თურქული ბაზარი, რომელსაც 80 მილიონი მოსახლე ჰყავს, უმნიშვნელოვანესია. ამასთან,  ოზთიურქის განცხადებით, თურქეთი განვითარებისთვის ღია ბაზარია.

„მსოფლიო ფარმაცევტული ბაზრის მოცულობა დღეს 1,3 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, რომლის თითქმის 50% აშშ-ზე მოდის. თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის მოცულობა 6-7 მილიარდი დოლარის ფარგლებში ვარირებს. მიმაჩნია, რომ ამ ბაზარს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ჩვენთვის აუცილებელია ახალი შესაძლებლობების შექმნა ინოვაციური მეთოდების დახმარებით. არ მჯერა, რომ რომელიმე კომპანია შეძლებს ამის მარტო გაკეთებას,“ – განაცხადა Sanofi Türkiye-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, კომპანია Sanofi თურქულ ბაზარზე უკვე 65 წელია რაც წარმოდგენილია და ქვეყანაში დაახლოებით მილიარდი დოლარის ინვესტიციები ჩადო.

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე, გავაგრძელებთ ინვესტიციების ჩადებას და ჩვენი პროდუქციის ექსპორტირებას მსოფლიო ბაზრებზე,“ – განაცხადა ჯემ ოზთიურქმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …