მიმდინარე წლის სექტემბრიდან სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას იწყებს.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე, პროგრამაში ჩართულ, პროფესიულ სასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა. პროგრამის მიზანი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით ღია შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობაა.
“დაინტერესებული მოქალაქეების მომზადება-გადამზადება განხორციელდება იმ დეფიციტურ პროფესიებში, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლინდა; ესენია:
- დურგალი,
- მზარეული,
- სტილისტი,
- კონდიტერი,
- ბარმენი,
- გიდი,
- ელექტრიკოსი,
- ტუროპერატორი,
- შემდუღებელი
და კიდევ 47 სხვა მოთხოვნადი პროფესია, რომელთა დაუფლება გაზრდის სამუშაოს მაძიებელის შანსს დასაქმდეს მისთვის საინტერესო სფეროში.
სასურველი პროფესიის დასაუფლებლად სამუშაოს მაძიებლები გაივლიან მოკლევადიან კურსებს, რომელთა ხანგრძლივობა 2 თვიდან 4 თვემდე მერყეობს. კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 39 აკრედიტირებული პროფესიული სასწავლებელი ჩაატარებს.
ისინი წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში: თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ტყიბულში, საჩხერეში, წალენჯიხაში, ფოთში, ოზურგეთში, მესტიაში, ამბროლაურში, ქობულეთსა და ბათუმი.
გარდა მოკლევადიანი კურსებისა სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს ვაკანტურ ადგილზე სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო სტაჟიორს ყოველ თვე, მაქსიმუმ ოთხი თვის მანძილზე, 150 ლარს გადაუხდის სტიპენდიის სახით.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ შრომისუნარიან მოქალაქეს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა და სურს დაეუფლოს მოთხოვნადი პროფესიებიდან ერთ-ერთს ან გაიაროს სტაჟირება კერძო დაწესებულებაში.
ამისათვის მან 9 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვის ცენტრს საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიაროს შესაბამისი პროცედურა პროგრამაში ჩასართავად.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და სხვა დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმომადგენლებს. ამით სახელმწიფო მათ უქმნით დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში იმისათვის, რომ გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.