მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სამედიცინო სისტემაში ახალი პროფესია – პარამედიკოსი ჩნდება

სამედიცინო სისტემაში ახალი პროფესია – პარამედიკოსი ჩნდება

სამედიცინო სისტემაში ახალი პროფესია – პარამედიკოსი ჩნდება. აღნიშნულის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი გახდება ჯანმრთელობის დაცვისა და საექიმო საქმიანობის შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით, კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ გამოყენებულ ცნებებს ემატება პარამედიკოსი – შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში და რომლის შედეგებზეც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, შესწავლილი და გაანალიზებული 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მიზანშეწონილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა. დროთა განმავლობაში მოხდება საკადრო დეფიციტის შევსება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებში.

პროექტი მოიაზრებს 3000 პარამედიკოსის მომზადებას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ დღეის მდგომარეობით საკადრო დეფიციტის რაოდენობა არის 3000. ყოველწლიურად იგეგმება 100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას და ამ რაოდენობის კონტინგენტის გადამზადება მოიცავს მრავალწლიან პერიოდს.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …