მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით გამოწერა, მათ შორის – ისეთი წამლების, რომლებიც შეიძლება სულ არ სჭირდებოდეს პაციენტს – საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ამ მრავალწლიანი პრობლემების სათავე სამედიცინო სექტორის ჰოლდინგური სისტემაა. ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგად განსაზღვრულ იმ რეკომენდაციებს შორის, რომლებიც ამ დრომდე არ შესრულებულა, არის ჰოლდინგური სისტემის შეზღუდვა.
პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ეს მანკიერი, მაგრამ კარგად აწყობილი სქემაა. „ჰოლდინგები აერთიანებენ კლინიკებს, ფარმაცევტულ საწარმოებს, მედიკამენტების იმპორტიორებსა და ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებსაც. ეს სქემა ასე მუშაობს: თითქმის ყველა კლინიკაში არიან სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ექიმებს მათი წამლის დანიშვნის შემთხვევაში სარფიან „ქეშბექებს“ სთავაზობენ. ეს ახალი და დაფარული ხომ არ არის, ამის შესახებ ყველამ იცის და ეს ადამიანები ღიად საქმიანობენ. რატომ არავის უჩნდება კითხვა – რატომ უხდიან ამ ექიმებს უზარმაზარ „ქეშბექებს“ ან საიდან იღებენ იმ თანხას, რასაც უხდიან ექიმებს? სწორედ ამის ალაგმვას ემსახურება ელექტრონული რეცეპტების სისტემა, თუმცა ეს მხოლოდ ამ პრობლემის მცირედი რეგულირების მექანიზმია და სანამ ზემოთ ხსენებული სამედიცინო ჰოლდინგები იარსებებს ქვეყანაში, ეს პრობლემა ფუნდამენტურად ვერ მოგვარდება,“- აცხადებს პაატა ბაირახტარი.
მისი შეფასებით, ეს ჰოლდინგები ეკონომიკის მუხრუჭსაც წარმოადგენენ, რომლებიც ცდილობენ ამ სფეროში არსებული ფისკალური ნაკადები, მხოლოდ საკუთარ წრეში ატრიალონ და მის გარეთ გადინებას მაქსიმალურად ბლოკავენ.
„როდესაც ადამიანი კლინიკაში საყოველთაო დაზღვევით შედის, მისი მომსახურების თანხა კლინიკას რჩება, ამას ემატება მედიკამენტები, რომელსაც ექიმი უნიშნავს პაციენტს. არ დაგავიწყდეთ, რომ თავის მხრივ ეს ექიმი სწორედ იმ მედიკამენტს ნიშნავს, რომელიც ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა შესთავაზა და ეს ფარმაცევტული კომპანიაც ამ ჰოლდინგის ნაწილია. რაც შეეხება კერძო დაზღვევებს, ჰოლდინგებს ამასთან დაკავშირებითაც აქვთ საკუთარის სქემა შემუშავებული: თუ მომხმარებელი კერძო დაზღვევით სარგებლობს, ეს დაზღვევა პაციენტს საკუთარ პროვაიდერ კლინიკაში ამისამართებს და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს სადაზღვევოც და კლინიკაც, სწორედ ერთი ჰოლდინგის შემადგენლობაში არიან,“ – აღნიშნავს ბაირახტარი.
მისი თქმით, სანამ სამედიცინო ჰოლდინგების რეალური გამიჯვნის საკითხს არ დავაყენებთ დღის წესრიგში, ყველა რეგულაცია მხოლოდ ფრაგმენტული იქნება და სისტემურ სახეს ვერ შეიძენს.
ცნობისთვის: ჰოლდინგების საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საკუთარი პოზიცია გააჟღერა. ფარმაცევტული კომპანიების მიერ მედიკამენტების გაძვირებაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების პროცესში ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. რა შესაძლო გადაწყვეტილებაზეა საუბარი – ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.