შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უწყებამ ათი მთავარი სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა შეისწავლა.
მინისტრის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში საორგანიზაციო ხასიათის მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა.
„ჩვენ დავასრულეთ მოკლე წინასწარი შეფასება. ჩვენ შევადგინეთ სპეციალური შესაფასებელი კითხვარი, რომლის მიხედვითაც შევისწავლეთ ათი მთავარი სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ხარვეზები საორგანიზაციო ხასიათისაა და არ უკავშირდება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს. გამოკვეთილია ტენდენციები, რომელიც ჩვენი აზრით მარტივად მოსაგვერებელია“, – აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს ახალ, გაუმჯობესებულ სერვისებს სთავაზობს.
ამასთან, დავით სერგეენკომ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორშაბათიდან სამინისტროში საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება, რომელიც კონცენტრირებული იქნება ინფექციებზე და კონტროლის საკითხებზე.
მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს ოთხი მთავარი რეფორმიდან,რომელიც არის პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხის კონტროლი და სერვისების გამკაცრების ერთიანი სისტემა, აქტიურ ფაზაში შევიდა ინფექციებზე და ხარისხზე კონტროლი.
„ჩვენ კლინიკებს ვთავაზობთ შედარებით ახალ, გაუმჯობესებულ სერვისს. ორშაბათიდან ჩვენთან საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება, რომელიც კონცენტრირებული იქნება ამ ინფექციებზე კონტროლის საკითხებთან. მნიშვნელოვანია სიახლეა, გარკვეული ვადის შემდეგ, რომელსაც მივცემთ სამედიცინო დაწესებულებებს დავეხმარებით ხარვეზების გამოსწორებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ექნება ღია საზოგადოებისთვის მისაწვდომი საინფორმაციო პორტალი, სადაც სამედიცინო დაწესებულებებზე, ამ კრიტერიუმების მიხედვით ინფორმაცია გახდება საჯარო და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ნახოს თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაზე ძალიან დეტალური ინფორმაცია. ეს არის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი საბაზო ელემენტი. ზაფხულის პერიოდში ეს სიახლე გახდება აქტიური.
ეს სიახლე საერთაშორისოდ აპრობირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისაკენ, რომ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი გახდეს მისაწვდომი, გასაგები და აღქმადი. ჩვენ ეს ყველაფერი გავხადეთ მაქსიმალურად რაციონალური, აღქმადი და მიწვდომადი.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული ხარისხის კონტროლის მხრივ, რომელიც კომპლექსური საკითხია და მოიცავს არამარტო ინფექციებზე კონტროლს, არამედ აქტიურად მთლიან სპექტრს. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ სამედიცინო დაწესებულებების არჩევაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.