მთავარი » დაზღვევა » „სამედიცინო ბაზარზე კერძო სადაზღვევო კომპანიები აქტიურად უნდა შემოვიყვანოთ“

„სამედიცინო ბაზარზე კერძო სადაზღვევო კომპანიები აქტიურად უნდა შემოვიყვანოთ“

ჯანდაცვის სისტემას ფინანსები აკლია და სახელმწიფო ცდილობს, ეს ფინანსები ახალ-ახალი რეგულაციების დაწესებით მოიძიოს, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს კი ყურადღებას არ აქცევს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი სექტორში კერძო სადაზღვევო კომპანიების გაძლიერებაა – ეს განცხადება რეანიმატოლოგმა და ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა ვახტანგ კალოიანმა გააკეთა.

ის ერთერთია იმ ექსპერტებს შორის, რომლებიც მოითხოვენ, საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ადამიანებს კერძო დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს.

ამის შესახებ კალოიანმა იმ ახალი რეგულაციის კომენტირებისას ისაურბა, რომლის თანახმადაც, „საყოველთაო ჯანდაცვით“ მოსარგებლე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა პროცენტული ლიმიტით განსაზღვრულ თანაგადახდებზე „ჭერი“ დაწესდა.

„ეს დადგენილება პრინციპულად ეწინააღმდეგება დიარჯის პრინციპს. სახელმწიფო აწესებს ჯამურ ფასს. ფორმულა ითვლის პაციენტის გადასახდელ თანხასაც. ახლა გვეუბნებიან, რომ ეს თანხა უნდა იყოს ნაკლები. ამის რაციონალური ეკონომიკური და კლინიკური დასაბუთება არ გვინახავს. ესაა ბნელ ოთახში მიღებული გადაწყვეტილება. ბევრი მოქალაქე, რომელსაც ბევრი თანხის გადახდა მოუწია, მივიდა მის დეპუტატებთან და საკრებულოებში პრობლემებით. პირველ თვეებში 15 ათასი მოქალაქე იყო, რომელმაც საკრებულოებს, პარლამენტს და ჯანდაცვის სამინიტროს დახმარებისთვის მიმართა და აქ უკვე პოლიტიკური საფრთხე დაინახეს და მიიღეს მორიგი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგულაციების პერიოდულად მიღება არ არის გამოსავალი.

„სხვადასხვა შავი ხვრელი საყოველთაო ჯანდაცვაში მუდმივად იქნება, სანამ მოქალაქეებს არ მივცემთ უფლებას, თავად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მოქალაქეები არჩევანის წინაშე დგანან, რომ დაიმატონ კერძო დაზღვევა. ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებდა კერძო დაზღვევა, როცა მოქალაქე მცირე თანხას გადაიხდიდა სადაზღვევო კომპანიაში და მისი თანაგადახდა იქნებოდა დაფინანსებული. ეს რომ ასე არ ხდება, ამას მხოლოდ პოლიტიკური და ელექტორალური მიზეზი აქვს – რომ „ჩვენ ყველას ყველაფერი უნდა გავუკეთოთ იაფად და კარგად“,“ – განაცხადა კალოიანმა და აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომის შედეგია მაგალითად ონკოლოგიური პაციენტების პრობლემები, რომლებიც, ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ვერ ახერხებენ მკურნალობის გაგრძელებას და კატასტროფული ხარჯების გაღება უწევთ. იმ შემთხვევაში კი, თუ კერძო დაზღვევის „დაშენების“ უფლება ექნებოდათ, ისინი ასეთი ხარჯებისგან დაცულები იქნებოდნენ, რადგან, როგორც კალოიანი აცხადებს, პაციენტების უმრავლესობა შეიძენდა კერძო დაზღვევას.

„სანამ აქტიურად არ შემოვიყვანთ კერძო სადაზღვევო კომპანიებს სამედიცინო ბაზარზე, სახელმწიფო ვერ შეაგროვებს საკმარის თანხას. უმდიდრესი ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ საკუთარი ხარჯით შეინახონ ჯანდაცვის და სოციალური სისტემა,“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მისი თქმით, სწორედ სისტემური გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან პრობლემა ყოველ კვირა ახალ-ახალი რეგულაციების შემოღებით ვერ მოგვარდება.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …