jandacva.ge-ის პრესკლუბში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმთა გადამზადების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
გაერთიანება მაისის მეორე ნახევრიდან სამედიცინო უნივერსისტეტთან ერთად, ექიმებისათვის „კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“ სასწავლო პროგრამას განახორციელებს. ბრიფინგზე, კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხების შესახებ შექმნილი ის სასწავლო პროგრამა განიხილეს, რომელიც ყველა სპეციალობის ექიმისთვის არის განკუთვნილი.
გაერთიანებამ ცოტა ხნის წინ მედიკამენტების კუთხით პოლიპრაგმაზიის შემთხვევების კვლევა დაასრულა, რის შემდეგ სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა შორის ზემოთაღნიშნული პროგრამის განხორციელებაც შედიოდა. ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის.
„კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“ სასწავლო პროგრამის მთავარი მიზანია სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენება, პაციენტზე ორიენტირებული უვნებელი, ეფექტიანი და რაციონალური მკურნალობის მიმართულებების განვითარება.
პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვისაა. ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის თქმით, პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების გზაზე. მომავალში, სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ანაზღაურების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი, მსგავსი პროგრამების უწყვეტად განხორციელება ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე დანახარჯების ოპტიმიზაციას.
პროგრამა მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება და იგი არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება.
სასწავლო პროგრამას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ_ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია და კობალაძის სახ. კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირი – ‘’უპირველესია არ ავნო-ს‘’ ხელმძღვანელი რუსუდან ჯაში უხელმძღვანელებენ.