საქართველოს კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს. 10 თებერვლის ჩათვლით დარგის ექსპერტები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით 34 სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებენ. სამედიცინო ჰოლდინგის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირება პაციენტის უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა. კონტროლის ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.
მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.
26 დეკემბერს, სამინისტროს შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ზოგ შემთვევაში პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
„საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ; გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია; არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ covid-ი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ განცხადებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და ექსპერტების კომენტარები მოჰყვა.
„ნიუ-ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვახტანგ კალოიანის თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა, მათ შორის განვითარებული ქვეყნების პრობლემაა და ის მხოლოდ ჰოსპიტალში ინფექციების კონტროლის დონეზე არაა დამოკიდებული. მთავარი პრობლემა ამ კუთხით ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებული რეზისტენტობაა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა.