1 ივნისიდან საკვები დანამატები „ჰასპის“ სტანდარტების ქვეშ ექცევა, თუმცა მწარმოებლები ამ ვალდებულების ამოქმედების ვადების გადაწევას ითხოვენ. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები – ე.წ. ბადები ამ დრომდე რეგულაციის მიღმაა დარჩენილი. მათი ნაწილი ბაზარზე სამკურნალო საშუალებების სახით იყო დარეგისტრირებული და შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლქვეშ იყო მოქცეული. თუმცა „ჯიემპი“ სტანდარტის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული სტანდარტისგან რომ თავი აერიდებინათ, „ბადების“ ადგილობრივმა მწარმოებლებმა თავიანთი პროდუქცია საკვებ პროდუქტებად დაარეგისტრირეს და, შესაბამისად, ისინი სურსათის სააგენტოს კონტროლის ქვეშ გადავიდა. 1 ივნისიდან კი სურსათის კონტროლის კუთხით ქვეყანაში ახალი, „ჰასპის“ სტანდარტი შედის ძალაში და, შესაბამისად, „ბადების“ მწარმოებლებსაც აღნიშნული სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება ეკისრებათ.
თუმცა, გოგიბერიძის თქმით, ამ ვალდებულების ასეთ მცირე ვადებში შესრულება აღნიშნული პროდუქციის მწარმოებლებისთვის პრობლემა იქნება.
„სურსათის მწარმოებლებმა საკმაოდ დიდი ხანია იციან, რომ ამ სტანდარტებზე გადასვლა მოუწევდათ. საკვები დანამატების მწარმოებლებს კი არ ჰქონიათ ეს ინფორმაცია, ამიტომ მათთვის ახალ სტანდარტზე გადაწყობა შეუძლებელი იქნება და ამიტომ ეს მათი ნაწილისთვის, შესაძლოა, ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავდეს, რადგან „ჰასპის“ სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე დისტრიბუტორებს ამ პროდუქციის რეალიზაციის უფლება არ ექნებათ. ამიტომ მწარმოებლები ითხოვენ ვადების გადაწევას წლის ბოლომდე მაინც,“ – აღნიშნა გოგიბერიძემ. მისი თქმით, ხუთშაბათს მას ამ საკითხზე შეხვედრა აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც სწორედ აღნიშნული ვალდებულების გადავადების საკითხი იქნება განხილული.
გოგიბერიძის განმარტებით, იმპორტირებული საკვები დანამატების შემთხვევაში პრობლემა მოხსნილია, რადგან მათ საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატები აქვს.
ცნობისთვის: HACCP (Hazard Analyss and Critical Control Points System) არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეთოდი სურსათის უვნებლობის რისკის იდენტიფიკაციისა და მართვისთვის.
HACCP არის მართვის სისტემა, რომელშიც სურსათის უვნებლობის მოგვარება ხდება ნედლეულის წარმოების, შესყიდვების და დამუშავების, მზა პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების ანალიზისა და კონტროლის გზით. „ჰასპი“ სურსათის კუთხით ისეთსავე მკაცრ სტანდარტებს აწესებს, როგორსაც – „ჯიემპი“ ფარმაცევტულ ბაზარზე. ორივე სტანდარტის მიზანია მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება.
jandacva.ge