საკონსტიტუციო სასამართლო 16.00 საათზე კონკრეტული პირების მიმართ სისხლის დონაციის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით სარჩელის განხილვას დაიწყებს.
სარჩელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ არის შეტანილი.
მოსარჩელეები ითხოვენ იმ რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც უკრძალავს სისხლის დონაციის უფლებას იმ მამაკაცებს, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან.
მოსარჩელეთა მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს არ წარმოადგენს, სადავო ნორმით მათ სამუდამოდ ეკრძალებათ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა, რაც, მათი თქმით, ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.
ამასთან, მოსარჩელეების აზრით, სისხლის დონაციის მეშვეობით პირი ახდენს შინაგანი ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზებას, უზრუნველყოფს პერსონალური და ოჯახური კავშირების განვითარებას.